საზოგადოება

კომისია მხარს უჭერს უკრაინის და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებას, დარწმუნებული არაა საქართველოზე — POLITICO

14 ივნისი, 2022 • 1186
კომისია მხარს უჭერს უკრაინის და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებას, დარწმუნებული არაა საქართველოზე — POLITICO

ევროკომისია 17 ივნისს გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით. 13 ივნისს გამართული ევროკომისრების „საორიენტაციო დებატების“ საფუძველზე Politico წერს, რომ მოსალოდნელია, უკრაინას ოფიციალური სტატუსი მიენიჭოს. ასევე, სულ უფრო სავარაუდოა, რომ მოლდოვას შეიძლება მიეცეს მწვანე შუქი (პირობებით), მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კვლავ არ არის მიღებული.

ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

გამოცემის ცნობით, დებატების შესახებ ინფორმირებული ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ევროკომისიაში ნათლად არის გაცნობიერებული უკრაინელების მიერ გაღებული მსხვერპლი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის ძლიერი გზავნილის გაგზავნის აუცილებლობა, რომ მან დაკარგა ყოველგვარი შანსი, უკრაინა თავის სავარაუდო გავლენის სფეროში დააბრუნოს.

„კომისიას არ ავიწყდება, რომ უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, სადაც ხალხს ესროლეს იმის გამო, რომ ქუჩებში ევროკავშირის დროშებით იმყოფებოდნენ. ახლა ჩვენ არ შეგვიძლია ვუთხრათ მათ, „ბოდიში, ბიჭებო, თქვენ არასწორ დროშებს აფრიალებთ“, — აცხადებს ანონიმური ოფიციალური პირი Polirico-სთან.

მიუხედავად ამისა, გამოცემის ცნობით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება მინიმუმ 3 ქვეყანა.

„ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კომისრები ძირითადად მხარს უჭერდნენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მომხრე მთავრობაა, მაგრამ ისინი ნაკლებად არიან დარწმუნებულნი საქართველოს შესახებ, რომელიც განიცდიდა ყოვლისმომცველ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკანდახევას ბოლო წლებში“, — წერს გამოცემა.

საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად ეკუთვნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი