საზოგადოება

ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს

9 ივნისი, 2022 • 2586
ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია.

თავდაპირველად, ევროპარლამენტის 7 პოლიტიკური ჯგუფიდან 6-მა (გარდა „იდენტობა და დემოკრატიისა”, რომელიც ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოს პარტიებს აერთიანებს) მოამზადა რეზოლუციის საკუთარი ვერსია, შემდეგ კი 5 პოლიტიკური ჯგუფი (Verts/ALE, S&D, ECR, PPE, Renew Europe) ერთობლივ ტექსტზე შეთანხმდა. სწორედ საერთო რეზოლუციის პროექტს დაუჭირა მხარი ევროპარლამენტმა.

რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. გმობს ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის, მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას; ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა და დაისაჯოს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობრივი თავდასხმების წაქეზებისა და განხორციელებისთვის, რაც ამგვარი დანაშაულების დაუსჯელობის აღქმას გამოასწორებდა. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ყველა წარმომადგენელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან თავი შეიკავონ.

ევროპარლამენტი გმობს მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენის გამოტანას, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემისადმი მუდმივ უნდობლობას. იზიარებს ორგანიზაციის „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ მოწოდებას ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვის შესახებ. კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის გზით სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმის აუცილებლობას.

ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს 2021 წლის 5 ივლისს თბილისის პრაიდის მარშის დროს განვითარებული მოვლენებზე გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ნაკლებობას და ამბობს, რომ ასეთი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული. ევროპარლამენტი მოუწოდებს ეფექტური გამოძიებისკენ 2021 წლის 5 ივლისის ინციდენტებზე, რომლის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებიც ამ დრომდე არ გამოვლენილან. ასევე, გმობს ლგბტქი+ პირთა დისკრიმინაციას.

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით და დანერგოს სათანადო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების დემოკრატიული ზედამხედველობისთვის.

ევროპარლამენტი აფასებს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით გაწეული ქმედებისთვის, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან რეგულარული თავდასხმებისა.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მას მიეცეს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.

ცნობისთვის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერი საქართველოსთან დაკავშირებით განსხვავდება მოლდოვისა და უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისგან. მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში, ევროპარლამენტი პირდაპირ მოუწოდებს ევროკავშირს მათთვის სტატუსის მინიჭებისკენ.

ასევე, რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომლითაც პარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

https://www.europarl.europa.eu/doceo/document/RC-9-2022-0300-AM-001-001_EN.pdf

მასალების გადაბეჭდვის წესი