აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა 28 წლის ტიკტოკერს, დაურ ბუავას, რომელიც გასულ წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან არ დაბრუნდა.

დაურ ბუავა ტიკტოკზე 2021 წლის შემოდგომიდან აქვეყნებს ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზეთის მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და ა.შ.

„1994 წელს, კონფლიქტის მერე დავიბადე აფხაზეთში. ომი არ მინახავს, თუმცა ჩემ გარშემო ადამიანებისგან მესმოდა, რა ხდებოდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი მხარის მიერ დანახული სიმართლე. მეორე მხარის სიმართლე კი აქ გავიგე”, — რამდენიმე თვის წინ უთხრა დაურ ბუავამ ნეტგაზეთს.

3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ დაურ ბუავას მიერ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები „აზიანებს აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას და მიმართულია მტრული სახელმწიფოს დახმარებისკენ აფხაზეთის წინააღმდეგ“.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში მიიჩნევენ, რომ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობს, „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“

როგორც აფხაზური მხარე იტყობინება, გამოძიების ფარგლებში უკვე გაჩხრიკეს დაურ ბუავას საცხოვრებელი სახლი.


ნეტგაზეთმა თბილისში გადმოსულ აფხაზ ტიკტოკერთან ინტერვიუ 2021 წლის დეკემბერში ჩაწერა.