საზოგადოება

“თქვენი ადგილი ევროკავშირშია” – გერმანიის მინისტრი უკრაინას

3 ივნისი, 2022 • 1664
“თქვენი ადგილი ევროკავშირშია” – გერმანიის მინისტრი უკრაინას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებისკენ გადასადგამ მომდევნო ნაბიჯებს.

როგორც Tagesschau წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბერბოკს ღიად არ განუცხადებია კიევისთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭებაზე მხარდაჭერა, ამ მხრივ მკაფიო სიგნალი გაგზავნა.

როდესაც მას ჰკითეს, რა პოზიცა ჰქონდა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ახლა ისტორიული მომენტის წინაშე ვართ, რაც ნიშნავს, რომ წინასწარ დაწესებულ ფორმულას ვერ გაჰყვებიან. მეორე მხრივ, ბერბოკი აღნიშნავს, რომ ეს ასევე ნიშნავს ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთისთვის წევრობაზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას.

“საკმარისი არაა ვთქვათ, თქვენი ადგილი ევროპაშია, თქვენი ადგილი ევროკავშირშია”, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა უკრაინასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ვერ ხედავს დაჩქარებული წესით მიღების გზებს და რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მიმართ „შეღავათი არ უნდა დაწესდეს“, თუმცა აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა დააწესოს კურსი და არ მიაჯახუნონ კარი ცხვირწინ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ , 28 თებერვალს, კიევმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. უკრაინის კვალდაკვალ, 3 მარტს მსგავსი განაცხადი გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ქვეყნებმა უკვე შეავსეს ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარები, რომლებზე მოსაზრებები ევროკომისიას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ექნება მზად. ამის შემდეგ კი ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც 23-24 ივნისს უნდა გაიმართოს. სწორედ ევროპულ საბჭოზე შეკრებილმა ევროკავშირის 27-ვე  წევრი ქვეყნის ლიდერმა უნდა მიიღოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასთან დაკავშირებით – მიანიჭებენ თუ არა მათ წევრობის კანდიდატის სტატუსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი