საზოგადოება

კობახიძე სააკაშვილზე: „საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია“

30 მაისი, 2022 • 1304
კობახიძე სააკაშვილზე: „საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა გამორიცხულია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ხელმისაწვდომია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის საჭირო ყველა საშუალება:

„საზღვარგარეთ გადაყვანა არის გამორიცხული. ყველანაირი საშუალება არსებობს საქართველოში იმისათვის, რომ განხორციელდეს მკურნალობა, არავითარი განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს. 2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში არის რადიკალურად განსხვავებული ვითარება. თქვენ იცით, რომ 150 პატიმარი დაახლოებით კვდებოდა ციხეებში წინა ხელისუფლების დროს და ეს მაჩვენებელი 12-ჯერ არის შემცირებული და მიზეზი არის ის, რომ ჯანდაცვის მომსახურება არის ძალიან მაღალ დონეზე“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არალეგალური გზებით ჩამოვიდა 2021 წლის შემოდგომაზე, რის შემდეგაც დააპატიმრეს. დაპატიმრების შემდეგ მან ციხეში შიმშილობა გამოაცხადა, სადაც ექვსწლიან საპატიმრო სასჯელს იხდის.

სააკაშვილის მხარე აცხადებს, რომ შიმშილობის შედეგად მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ზურგის არეში ძლიერი ტკივილები აქვს, ხოლო მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ დაუდგინა ხერხემალზე ტრავმა, რაც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს ტრავმა დიდი ალბათობით გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი