საზოგადოება

ივანიშვილის გადარიცხვა Credit Suisse-ის მიერ კვლავ შეფერხებულია

27 მაისი, 2022 • 2292
ივანიშვილის გადარიცხვა Credit Suisse-ის მიერ კვლავ შეფერხებულია

მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ Credit Suisse-ის მიერ მისი საბანკო ოპერაცია კვლავ შეყოვნებულია და ის გააგრძელებს ბანკის ჩავარდნების გამოაშკარავებას, რასაც მის მორალურ ვალდებულებად თვლის და იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუშლის ბანკს და მის შვილობილ კომპანიებს სხვა კლიენტებისთვის ზიანის მიყენებაში.

ივანიშვილის პრესპიკერის განცხადებას PR კომპანია Cision ავრცელებს.

„უკვე 45 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ინსტრუქციები მიიღეს, მეურვე აგრძელებს ბენეფიციარების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების იგნორირებას და ეს კონტექსტი მნიშვნელოვანია საკითხის სათანადო შეფასებისთვის… [ბანკის] რწმუნებული აგრძელებს ბენეფიციართა იმედგაცრუებას. 2022 წლის 11 აპრილს განხორციელდა მოთხოვნა ბენეფიციარებისთვის თანხის გაცემის შესახებ და 13 აპრილს რწმუნებულმა ეჭვქვეშ დააყენა გაცემის მიზანი. 14 აპრილს საპასუხოდ მოწოდებული ამომწურავი ინფორმაციის მიუხედავად, 20 აპრილს რწმუნებულმა მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის დოკუმენტაცია და ინფორმაცია ხელმომწერების შესახებ. 2022 წლის 5 მაისს რწმუნებულმა დაადასტურა, რომ მოწოდებული ინფორმაცია საკმარისი იყო და ხელმოწერისთვის საჭირო დოკუმენტების პროექტები მომზადდა, თუმცა, 19 მაისს რწმუნებულმა გადადო პროცესი და მოითხოვა ინფორმაცია, რომელიც უკვე მიწოდებული იყო 13 აპრილს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ Credit Suisse ცდილობს, ჩაშალოს ბენეფიციარების ძალისხმევა, გამოავლინონ სიმართლე პირველ დავასთან დაკავშირებით და დაიბრუნონ მითვისებული თანხები.

„ეს პროცედურა არღვევს საბანკო საქმიანობის ყველა დადგენილ სტანდარტს და პოლიტიკაში გადასვლის შემაშფოთებელი ესკალაციაა. უკრაინის ომზე მინიშნება უპრეცედენტოა და პოლიტიკური ზეწოლა ყოველგვარი გამართლების გარეშეა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს მეორედ უჩივის, ამბობს რა, რომ ბანკის მიერ დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხდა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. შეფერხება ბანკის რწმუნებულმა „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემოთი“ დაასაბუთა. ივანიშვილი კი აცხადებს, რომ ის არ არის დაკავშირებული სანქცირებულ ორგანიზაციებთან და, სავარაუდოდ, არა მხოლოდ ბანკისგან დისკრიმინაციის, არამედ პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის მსხვერპლიცაა.

ივანიშვილის მიერ წამოწყებული პირველი გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ისა და მისი განყოფილებების წინააღმდეგ მრავალი წელია მიმდინარეობს და 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სარჩელები. სინგაპურში სასამართლო დავა კი 2022 წლის სექტემბერში დასრულდება.

ივანიშვილმა Credit Suisse-თან დავა მოიგო – FT

 

მასალების გადაბეჭდვის წესი