საზოგადოება

„4 კვირა მაინც გავჩუმდეთ“ — გახარია ყველას EU-ს საკითხზე ერთიანობისკენ მოუწოდებს

25 მაისი, 2022 • 1362
„4 კვირა მაინც გავჩუმდეთ“ — გახარია ყველას EU-ს საკითხზე ერთიანობისკენ მოუწოდებს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არავის ეპატიება.

„მიუხედავად იმისა, როგორია დღეს საქართველოს ხელისუფლება, როგორია ოპოზიცია და ვინ და რა მოტივით ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირში წევრობას და ამის მძიმე ფასი არაერთხელ გადაიხადა“, — განაცხადა გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, სტატუსი მხოლოდ დასაწყისი იქნება და შედეგი ერთ დღეში ვერ დადგება, ხოლო გასავლელი გზა რთული და კომპლექსური იქნება.

„კანდიდატის სტატუსის ვერ მიიღება იქნება წარსულში დაბრუნება. სტატუსის მოპოვების შემდეგ მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმები იქნება გასატარებელი. კონკრეტული ნაბიჯები გვექნება გადასადგმელი საარჩევნო სისტემის დახვეწის, კორუფციასთან ბრძოლის, მართლმსაჯულების დახვეწის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და ყველაფერი იმისთვის, რაც დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს რეფორმები არ კეთდება ევროკავშირისთვის. ეს რეფორმები არის საქართველოს მოქალაქეების ღირსეული მომავლისთვის. ევროპული ოჯახის წევრობას არ აქვს ალტერნატივა“,  — განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციას უნდა ესმოდეს, რომ  წარმატებული ქვეყნის მშენებლობის შესაძლებლობა ხელიდან გაშვებას ვერავინ ვერავის დააბრალებს.

„ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ ეპატიება არავის — არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, თუმცა რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებისაა. დღეს გვჭირდება ერთიანობა, უნდა გავერთიანდეთ დიდი მიზნის ირგვლივ. ერთად დგომა და კომპრომისის ნაკლებობა არის ის რაც ყველზე მეტად გვაზიანებს. უარი უნდა ვუთხრათ დაპირისპირებას, მიდგომას „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“. ამიტომ, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ დად არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვთხოვ ჩვენს ეკლესიას — გავერთიანდეთ დღეს ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დღეებში და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ევროპულ მომავალს კანდიდატის სტატუსის ვერ მიიღება იქნება თითოეული ჩვენგანის მარცხი, მაგრამ მთავრობის პასუხისმგებლობა. კანდიდატის სტატუსი მიღება იქნება თითოეული ჩვენგანის გამარჯვება და პირველ რიგში მათი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირა“, — განაცხადა გახარიამ.

მან მოუწოდა ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ხელისუფლების მიერ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის კომენტირებისას კი განაცხადა:

„დღეს ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი — ხელისუფლება თუ ოპოზიცია — ვისაც მართლა, გულწრფელად უნდა, საქართველომ მიიღოს სტატუსი, იმის მაგივრად, რომ თავს ესხმოდეს ოპონენტებს ან ერთმანეთს, თუ ერთად დგომა არ შეგვიძლია, უბრალოდ უნდა გაჩუმდნენ. უახლოესი 4 კვირის განმავლობაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ერთიანობის შესაძლებლობას. როდესაც საქმე ეხება [პროცესს], რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ცხოვრებას, რომელზეც ჩვენმა შვილებმა გადაწყვეტილება მიიღეს — მათთვის წარმოუდგენელია რუსულ წარსულში დაბრუნება — გავჩუმდეთ, ერთადერთი რასაც მოვუწოდებ, ოთხი კვირა მაინც გაჩუმდნენ და არ ლანძღონ ერთმანეთი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ოპოზიციის მხრიდან თუ ხელისუფლებსი მხრიდან“, — განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ერთ დღეს შეიძლება პირისპირ აღმოჩნდეს ოკუპანტთან.

„ახლა რასაც ვხედავთ, ვინც გვყავდა, იმ მეგობრებსაც ვკარგავთ“, — დასძინა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი