საზოგადოება

როგორ მოკლეს რუსებმა 8 უკრაინელი – New York Times-მა ბუჩაში ომის დანაშაულის ახალი მტკიცებულებები მოიპოვა

20 მაისი, 2022 • 1944
როგორ მოკლეს რუსებმა 8 უკრაინელი – New York Times-მა ბუჩაში ომის დანაშაულის ახალი მტკიცებულებები მოიპოვა

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას ამ დრომდე უარყოფს, The New York Times-მა მოიპოვა ვიზუალური მტკიცებულებები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ბუჩაში, სულ მცირე, 8 კაცი მოკლეს.

შემთხვევა იაბლუნსკას ქუჩის 144 ნომერში, ერთ-ერთი ოფისის მიმდებარედ მოხდა. გამოცემა აქვეყნებს ოფისის მეზობლად მყოფი უკრაინელების მიერ მალულად გადაღებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ მიჰყავთ რუს სამხედროებს რამდენიმე ადამიანი იარაღის დამიზნებით. ვიდეოს დაბალი ხარისხის მიუხედავად, კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ ტყვეს ლურჯი ფერის მაისური აცვია.

“ტყვეები მათი ნების საწინააღმდეგოდ წვანან იქ”, — ისმის ვიდეოს გადამღების ხმა, რომელიც ითვლის – “ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი…”, რუს ჯარისკაცებს 9 ადამიანი ჰყავთ აყვანილი. ვიდეოში არ ჩანს, როგორ კლავენ რუსი ჯარისკაცები უკრაინელებს, თუმცა მოწმეების თქმით, მათ დაინახეს, როგორ ხოცავდნენ ტყვეებს.

გამოცემამ ასევე მოიპოვა მეორე დღეს, 5 მარტს, იმავე ადგილას დრონით გადაღებული კადრები. კადრებში ჩანს, ცხედრები, რომელსაც ორი რუსი ჯარისკაცი იცავს. ერთ-ერთ დაღუპულ მოქალაქეს კი სწორედ ისეთივე ლურჯი მაისური აცვია, რომელიც წინა დღით მეზობლების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანდა.

მოგვიანებით, იაბლუნსკას ქუჩის 144 ნომერში გადაღებულ ფოტოებში უკვე გარკვევით ჩანს იგივე მაისური, რაც The New York Times-ის თქმით, ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ყველა ვიზუალურ მასალაში, რომელიც მათ ამ ადგილიდან მოიპოვეს ერთი და იგივე ადამიანია ასახული.

მოგვიანებით, იაბლუნსკას ქუჩის 144 ნომერში გადაღებულ ფოტოებში უკვე გარკვევით ჩანს იგივე მაისური, რაც The New York Times-ის თქმით, ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ყველა ვიზუალურ მასალაში, რომელიც მათ ამ ადგილიდან მოიპოვეს ერთი და იგივე ადამიანია ასახული.

მოკლული უკრაინელების ვინაობის დასადგენად The New York Times-ის ჟურნალისტებმა ბუჩაში რამდენიმე კვირა გაატარეს, გამოჰკითხეს გადარჩენილები, მოწმეები, პოლიცია და სამხედროები. საბოლოოდ კი შეძლეს 8 დაღუპული კაცის ვინაობის და იმის დადგენა, თუ რატომ მოკლეს რუსებმა ისინი.

უკრაინელები, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა დახოცეს. ფოტო: FB/Prudkaya-Kanevskaya Kate

როგორც გამოცემამ გაარკვია, ომამდე ისინი ჩვეულებრივ, მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ჰყავდათ ოჯახები, მუშაობდნენ ქარხნებსა და მაღაზიებში, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საკუთარი ქალაქის დასაცავად იარაღი აიღეს და მოხალისეობრივად შეუერთდნენ ტერიტორიული თავდაცვის ძალებს. თითქმის ყველა მათგანი იმ ადგილთან ახლოს ცხოვრობდა, სადაც შემდგომში მათი ცხედრები იპოვეს.

რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელი კაცები ბუჩაში მეორედ დაბრუნებისას მოკლეს. გამოცემის ცნობით, რუსმა სამხედროებმა იაბლუნსკას ქუჩის 144 ნომერში ბაზა და საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს.

ერთ-ერთი მსხვერპლი, 43 წლის მშენებელი, ამ ადგილიდან დაახლოებით 270 მეტრის მოშორებით, 5 სხვა მებრძოლთან ერთად, მათ მიერვე შექმნილ საგუშაგოზე იმყოფებოდა. მათ ადგილზე ჰქონდათ ყუმბარა, ჯავშანჟილეტები და ერთი თოფი.

მათგან ერთ-ერთი გადარჩენილი მოწმე The New York Times-ს უყვება, რომ საგუშაგოზე მყოფებმა რადიოთი გაიგეს რუსების ბუჩაში დაბრუნების შესახებ, რის შემდეგაც იქვე მდებარე სახლში დაიმალნენ. სახლში მეპატრონე 53 წლის ვალერა კოტენკო იყო, რომელსაც საგუშაგოზე მყოფი კაცებისთვის ყავა და ჩაი გაჰქონდა ხოლმე. მოგვიანებით მათ კიდევ ორი მებრძოლი შეუერთდა, მათ შორის იყო დენის რუდენკო, კაცი, რომელსაც ზემოთ ნახსენებ ვიდეოში ლურჯი მაისური ეცვა.

სამალავიდან ისინი საყვარელ ადამიანებს დაეკონტაქტნენ. რუდენკომ თავის საუკეთესო მეგობარს მისწერა, რომ ისინი გაიჭედნენ – “არ დამირეკო, მე დაგირეკავ მოგვიანებით”, – წერდა ის.

ცხრავე მათგანმა ღამე იმ სახლში გაატარა. 4 მარტის დილას კი მიხვდნენ, რომ გაქცევას ვერ შეძლებდნენ. რუდენკომ თავის მეგობარს ისევ მისწერა – “ალყაში ვართ. ახლა ვიმალებით. ისინი [რუსები] ჯავშანტექნიკიდან და მძიმე კალიბრის იარაღიდან ისვრიან”…

დვორნიკოვმა, რომელიც ომამდე მიტანის სერვისის მძღოლი იყო, საკუთარ მეუღლეს, იულია ტრუბას დაურეკა 10:20 საათზე. ქალის თქმით, დვორნიკოვმა მეუღლეს უთხრა, რომ გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და როცა შეძლებდა დაურეკავდა. ასევე სთხოვა მათი მიმოწერის წაშლა და ევაკუაციისთვის მზადება.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ცხრავე მათგანი იპოვეს, იარაღის დამიზნებით გარეთ გაიყვანეს, შეუმოწმეს ტატუები, რომ აღმოეჩინათ რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან, შემდეგ კი იაბლუნსკას ქუჩის 144 ნომერში წაიყვანეს, სადაც 8 მათგანი დახვრიტეს. ამ ისტორიას The New York Times-ს გადარჩენილი კაცი, ივან სკიბა უყვება.

მისი თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა კაცებს მუხლებზე დადგომა მოსთხოვეს და მაშინვე მოკლეს 28 წლის ვიტალი კარპენკო. აღნიშნულს ადასტურებს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც ასევე ამბობს, რომ ტყვეებს ხელები ჰქონდათ შეკრული.

მარცხნივ: ვიტალი კარპენკო, მარჯვნივ ივან სკიბა/ ფოტო: The New York Times

“მე მესროლეს და დავეცი. ტყვია მხარში მომხვდა”, – იხსენებს სკიბა. The New York Times-ის ინფორმაციით, სკიბამ ჭრილობის ამსახველი ფოტო მიაწოდა გამოცემას და ასევე ჭრილობის არსებობა დაადასტურა მისმა მკურნალმა ექიმმაც.

“მე წავიქეცი და თავი მოვიმკვდარუნე. არ ვინძრეოდი და არც ვსუნთქავდი. გარეთ ციოდა და ადამიანის სუნთქვის დანახვა შეიძლებოდა”, – ამბობს სკიბა და იხსენებს, რომ რუსებმა იქვე მოკლეს ერთი დაჭრილი უკრაინელი, რომელიც ინძრეოდა. მისი თქმით, 15 წუთის ლოდინის შემდეგ რუსი ჯარისკაცები წავიდნენ, მათი ხმის მიჩუმების შემდეგ კი სკიბამ გაქცევა მოახერხა.

რუსეთის ჯარების მიერ ბუჩას დატოვებიდან 4 კვირის შემდეგ The New York Times-ის ჟურნალისტები იმ ადგილას მივიდნენ, სადაც რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელი შეუიარაღებელი კაცები დახვრიტეს. გამოცემა წერს, რომ შენობის კედლებსა და საფეხურებს ნატყვიარები ეტყობოდა. ეზოს მეორე მხარს, მიმოფანტული იყო 7.62x54R ვაზნები, რომელიც საბჭოთა დიზაინის PK სერიის ტყვიამფრქვევებში და დრაგუნოვის სნაიპერულ თოფებში გამოიყენება, ძირითადად, რუსეთის ჯარების მიერ. იგივე ვაზნები ჟურნალისტებმა შენობის შიგნითაც იპოვეს.

იაბლუნსკას ქუჩის 144-ის მოპირდაპირე მხარეს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს რუსი მედესანტეები, დაახლოებით იმავე დროს, როდესაც რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელი 8 ადამიანი დახვრიტეს

The New York Times-ის ინფორმაციით, რუსების მიერ დატოვებული სხვა მტკიცებულებები მიუთითებს ორ კონკრეტულ სადესანტო ერთეულზე, რომლებმაც, სავარაუდოდ, შენობა დაიკავეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა გამოცემას მიაწოდეს შენობის შიგნიდან ამოღებული წარწერის სურათი, რომელზეც 104-ე პოლკის ემბლემაა დატანილი და ასევე შენობაში მყოფი რუსი ჯარისკაცების სია.

დრონით გადაღებული კადრები. ფოტო: The New York Times

რუსული სოციალური მედიებზე ძებნის და თითოეული ჯარისკაცის სახელის სხვა მონაცემთა ბაზების მოძიებით, The Times-მა აღმოაჩინა, რომ დასახელებული ჯარისკაცებიდან, სულ მცირე, ხუთს ჰქონდა აშკარა კავშირი 104-ე პოლკთან. სხვები აქვეყნებდნენ თავიანთ სურათებს მედესანტეების დროშებით ან ფორმებით. ზოგ მათგანს კი სოციალურ ქსელებში სხვადასხვა დროს საკუთარი მდებარეობის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია დადებული. მათ შორის იყო ქალაქი ფსკოვი, რომელიც რუსეთის 104-ე და 234-ე პოლკის შტაბი იყო.

მთავარი ფოტო: The New York Times-ის მოპოვებული სათვალთვალო კამერის კადრი, სადაც რუსებს საგუშაგოს მცველები გაჰყავთ სახლიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი