საზოგადოება

რას მოიცავს £1.3 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინისთვის — ჯონსონის კომენტარი

19 მაისი, 2022 • 1594
რას მოიცავს £1.3 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინისთვის — ჯონსონის კომენტარი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, 19 მაისს, სატელეფონო საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტს კვლავ დაუდასტურა დიდი ბრიტანეთის სოლიდარობა და და ესაუბრა სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც ლონდონი უწევს კიევს.

“მე ვაცნობე პრეზიდენტს მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მიედინება უკრაინის თავდაცვისთვის, შორი დისტანციის არტილერიის, სახმელეთო ბაზირების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისა და უპილოტო დრონების ჩათვლით.

ეს არის ჩვენი დამატებითი £1.3 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი უკრაინისთვის”, — აღნიშნავს ჯონსონი “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში.

მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ასევე განიხილა, როგორ შეუძლიათ, შეაჩერონ “გლობალური ეკონომიკური ზიანი, რომელიც გამოწვეულია პუტინის მიერ შავი ზღვის პორტების დაუფიქრებელი ბლოკადით”.

“ჩვენ სასწრაფოდ ვეძებთ ვარიანტებს უკრაინის მარცვლეულის მარაგებისთვის კრიტიკული საზღვაო და სახმელეთო მარშრუტების გასახსნელად”, — წერს პრემიერ-მინისტრი.

მანვე აღნიშნა, რომ 50 000 უკრაინელი “უსაფრთხოდ ჩავიდა გაერთიანებულ სამეფოში” და ყველაფერი კეთდება, მათ დასახმარებლად.

“ჩვენი სქემების მეშვეობით გაცემული 100 000-ზე მეტი ვიზისა და რუსეთის ავიახაზების წინააღმდეგ დღეს დაწესებული ახალი სანქციების ფონზე, ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია – ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”, — წერს ჯონსონი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მიწასთანაა გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი და დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი