საზოგადოება

”ტფილისის ჰამქარი” ”იმელის” შენობის დაშლას აპროტესტებს

31 მარტი, 2010 • 2861
”ტფილისის ჰამქარი” ”იმელის” შენობის დაშლას აპროტესტებს

”იმელის” შენობის წინ ”ტფილისის ჰამქრის” ინიციატივით საპროტესტი აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილებმა კულტურის სამინისტროსა და სატუმროს მშენებელ კომპანია ”დაბი ჯგუფს” მოსთხოვეს შეწყდეს შენობის  ნგრევა.

აქციაზე მოსულმა ადამიანებმა ”იმელის” შენობის წინ ჯაჭვი შეკრეს და ტრანსპარანტებით  ”აღუდგინეთ იმელს კულტურული ძეგლის სტატუსი”, იმელის შენობის ნგრევა გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, რომ იმელის შენობას მიზანმიმართულად ანგრევენ: “იმის მიუხედავად, რომ მშენებელი კომპანია ოქტომბერში დაგვპირდა, რომ ჩვენს აზრს გაითვალისწინებდა და არ შეუქმნიდა საფრთხეს შენობას, დაპირებას არ ასრულებს”.

შენობის მარცხენა ფლიგელი მონგრეულია. სახურავახდილ და უფანჯროდ დარჩენილ შენობაში წვიმა ჩადის. რუსთაველის გამზირის მხრიდან მარჯვენა მხარეს კედელი მთლიანად დასველებულია. გარდა ამისა, შენობის საძირკველში წყალი დგება, ეზოში კი ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები.

”იმელის” შენობა
”იმელის” შენობა

ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილის განცხადებით, შენობის ფასადი და ინტერიერი ქმნის მთლიან ატქიტექტურულ სისტემას. თუმცა, ინტერიერი, ავეჯი და ყველა დეტალი განადგურებულია. ”ვანდალიზმია ასეთი არქიტექტურული ძეგლის ნგრევა,”- ამბობს ხელოვნებათმცოდნე.

კულტურის სამინისტრომ იმელის შენობას კულტურული ძეგლის სტატუსი მოუხსნა. ამიტომაც, შენობას არავითარი სამართლებრივი ბერკეტი არ იცავს. კულტურის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება არქიტექტორ კოკა ამირეჯიბს გაუმართლებლად მიაჩნია. მისი თქმით, ჯერ ”კაპიტალ ვოსტოკსა” და შემდეგ ”დაბი ჯგუფს” ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა არ წარმოუდგენიათ: ”ასეთი კვლევა აუცილებლად უნდა წარუდგინოს თბილისის მერიას მშენებელმა კომპანიამ”.

სამუშაოებს ამჟამად აწარმოებს არაბული კომპანია ”დაბი ჯგუფი საქართველო.”  დღევანდელი საპროტესტო აქციის ორგანიზატორების თქმით არ არსებობს დამტკიცებული გეგმა, რომლითაც შესაძლებელი გახდება მომავალი სასტუმროს ფასადის დადგენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი