საზოგადოება

მუსიკა, რომელიც უკრაინელების ბრძოლის სიმბოლოდ იქცა – Playlist

18 მაისი, 2022 • 1908
მუსიკა, რომელიც უკრაინელების ბრძოლის სიმბოლოდ იქცა – Playlist

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინელებმა ბრძოლა დაიწყეს მათთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით. სამხედროები ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან, რიგითი ადამიანები მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებენ, მოხალისედ ეწერებიან და ა.შ.. ცალკე ფრონტი გახსნეს უკრაინელმა მუსიკოსებმა. ომის დაწყებიდან მალევე საინფორმაციო არხები გაივსო, უკრაინული საომარი სიმღერებით. ზოგიერთი მათგანი ომამდე შეიქმნა თუმცა 24 თებერვლის შემდეგ ახალი მნიშვნელობა შეიძინა.

უკრაინის ჰიმნი

                                      “არ მომკვდარა უკრაინა, არც მისი დიდება, არც მისი ნება“ 

მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ეროვნული ჰიმნის მელოდიამ მოიცვა მთელი მსოფლიო: მოსკოვში ომის საწინააღმდეგო აქციებით დაწყებული, მსოფლიოს მთავარი საკონცერტო დარბაზების სცენებით დამთავრებული.

ჰიმნის ტექსტი 1860-იან წლებში დაიწერა. ტექსტი უკრაინელ ეთნოგრაფს, პავლო ჩუბინსკსს ეკუთვნის, რომელიც რუსეთის იმპერიის დროს იდევნებოდა. ის ითვლებოდა ჰრომადას (არალეგალური ორგანიზაცია, რომელიც თავდაპირველად უკრაინული კულტურის პარტიზანულ  პროპაგანდას ეწეოდა, შემდგომში კი აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ აქტივიზმშიც) წევრად. ამ თემმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი უკრაინის გუბერნიებში უკრაინული პოლიტიკური ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში.1863 წელს ეს ლექსი პოლონეთის აჯანყების მონაწილის, პავლო სვენციცკის წყალობით პარტიზანულად გამოქვეყნდა ლვოვის ჟურნალში – “მეტა“. მოგვიანებით ჩუბინსკის ლექსზე მუსიკა დაწერა, უკრაინელმა კომპოზიტორმა და მღვდელმა მიხაილო ვერბიცკიმ.

1917 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არაერთი პატრიოტული ნაწარმოები გამოიყენებოდა ჰიმნად, მათ შორის იყო ჩუბინსკის ლექსიც, თუმცა არცერთი მათგანი ოფიციალურად არ გამოცხადებულა ეროვნულ ჰიმნად.  რაც შეეხება საბჭოთა პერიოდს, ჩუბინსკის ლექსი “ნაციონალისტური და სეპარატისტული გრძნობების წახალისების” გამო აიკრძალა.

არ მომკვდარა უკრაინა, არც მისი დიდება, არც მისი ნება“ – სხვა პატრიოტულ ნაწარმოებებთან ერთად უბრალოდ გაქრა. ბოლშევიკური რეჟიმისთვის მიუღებელი იყო ტექსტი, რომელიც ხალხს ახსენებდა, რომ ისინი უკრაინელები არიან, უკრაინა არ მომკვდარა და ის კაზაკების მოდგმისაა. კაზაკი უკრაინის ეთნიკური სიმბოლოა. ლეგენდის მიხედვით კაზაკები განსაკუთრებული საბრძოლო ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულები. მეორე მსოფლიო ომის დროს კარპატო-უკრაინის რესპუბლიკამ სიმღერა თავის ჰიმნად მიიღო. თუმცა კარპატების უკრაინას დიდი ხანი არ დასცალდა და უნგრეთის მიერ რესპუბლიკის მიერთების შემდეგ ჰიმნი აიკრძალა.

1980-იანი წლების ბოლოს სიმღერამ ფართო პოპულარობა მოიპოვა უკრაინელებში, ხოლო საბჭოთა კავშირისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1992 წელს უკრაინის ჰიმნი ტექსტში მცირედი ცვლილებებით ოფიციალურად იქნა მიღებული .

2013 წლის ევრომაიდნის საპროტესტო აქციების დროს მომღერალ რუსლანას შესრულებით ჰიმნი ყოველ საათში ერთხელ ისმოდა, რამაც საპროტესტო აქციებს რევოლუციური სული შემატა.

დღეს ჰიმნს აქტიურად იყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის ომის წინააღმდეგ გამართულ აქციებში. ომის დაწყების შემდეგ ყველაზე პოპულარული ვერსია 7 წლის ამელია ანისოვიჩის შესრულებითაა, რომელმაც პოლონეთში უკრაინისთვის საქველმოქმედო კონცერტზე უკრაინის ეროვნულ ორკესტრთან ერთად შეასრულა. ამელია ომის დროს ბუნკერში შესრულებული დისნეის სიმღერით გახდა ცნობილი.

უკრაინული პატრიოტული მარში

ერთ-ერთი ვერსიით სიმღერა “ой лузи червона калина” სპეციალურად შეიქმნა ვასილ პაჩოვსკის პიესის: “ნანგრევების მზე” დასადგმელად. პიესა უკრაინისთვის ყველაზე მძიმე პერიოდს, მე-17 საუკუნეს ეხება, ამ ხანას უკრაინელები “ნანგრევების” დროს უწოდებენ, რადგან მაშინ მოხდა უკრაინის სახელმწიფოებრიობის ნგრევა და მრავალი სისხლიანი ომი. “მზე” კაზაკების სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერ პეტრო დოროშენკოს უწოდეს, რომელიც ცნობილი იყო  უკრაინის მიწების გაერთიანების გეგმით.

1914 წელს გალიციელმა ჯარისკაცმა  გრიგორი ტრუხმა ტექსტს რამდენიმე კუპლეტი მიამატა. სიმღერა მაშინვე ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა ტექსტის კორექტირება ამით არ დასრულებულა. 1980 წელს, ტექსტს კიდევ რამდენიმე სტროფი დაუმატეს უკრაინელმა დისიდენტებმა ლეოპოლდ იაშჩენკომ და ნადეჟდა სვეტლიჩნაიამ.

2022 წელს ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ცნობილი უკრაინული ჯგუფის Boombox-ის სოლისტმა ანდრეი ხლივნიუკმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ტურნე გააუქმა, სამხედრო ფორმა ჩაიცვა და სამოქალაქო თავდაცვის რაზმში ჩაეწერა. უკრაინული პატრიოტული მარში,  მან წმინდა სოფიას საკათედრო ტაძართან შეასრულა, ვიდეო ინტერნეტ ჰიტად იქცა.

ამ სიმღერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რემიქსი The kiffness-მა გააკეთა, და 4 მარტს youtube-ზე განათავსა, დღეს მას  მილიონობით ნახვა აქვს.

2022 წლის აპრილში PINK_FLOYD-მა ხლივნიუკის ჩანაწერზე ახალი სიმღერა „Hey, Hey, Rise Up!“ შექმნა.

“ჩვენ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, ვიგრძენით აღშფოთება და იმედგაცრუება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს [რუსეთის] ამ საზარელი აქტის გამო, რომელიც შეიჭრა დამოუკიდებელ, მშვიდობიან დემოკრატიულ ქვეყანაში და კლავს მის ხალხს”– თქვა დევიდ გილმორმა, PINK_FLOYD-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

სიმღერისგან შემოსული ფინანსები უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდა.

ანდრეი ხლივნიუკის მსგავსად უკრაინულ ჯარს შეუერთდა ცნობილი უკრაინელი მუსიკოსი მაქს ბარსკიხი, თუმცა ამის პარალელურად საკუთარ მუსიკას აქტიურად იყენებს ხალხში საომარი სულის ასამაღლებლად. მისი 2 ჰიტი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე.

 

ანტიტერორისტული ოპერაციის ოფიციალური ჰიმნი

2014 წელს, რუსეთის დონბასში შეჭრამდე  ჯგუფმა „შაბლია“ შექმნა პატრიოტული სიმღერა „ძმები უკრაინელები“. 2015 წელს სიმღერამ ანტიტერორისტული ოპერაციის ოფიციალური ჰიმნის სტატუსი მიიღო.

მიმდინარე ომის დროს, სიმღერა უფრო მეტად პოპულარული 28-ე მექანიზებული ბრიგადის უფროსი ჯარისკაცის, იური გოდორეცკის დახმარებით გახდა, რომელმაც ჯარში მიმავალ გზაზე მანქანაში ჩაწერა ვიდეო და ტიკ – ტოკზე განათავსა

სვიატოსლავ ვაკარჩუკი

Okean Elzy-ის სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ძალიან აქტიურად, იყენებს საკუთარ პლატფორმას, რათა ხმა მიაწვდინოს მთელს მსოფლიოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მან არაერთი მიმართვა ჩაწერა რუსეთის მოქალაქეებისთვისაც, სადაც სთხოვს აქტიურობას და პუტინის შეჩერებას. ინტერნეტში მრავალი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ვაკარჩუკი, მღერის მეტროს სადგურებში, სადაც უკრაინელი ხალხი ბომბებისგან თავს აფარებს. ასევე გამამხნევებელ კონცერტებს მართავს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის.

სიმღერა „ბრძოლის გარეშე არ დავნებდები“ ვაკარჩუკმა 2005 წელს დაწერა სიყვარულზე, თუმცა ომის დროს მან სხვა მნიშვნელობა შეიძინა.

ვაკარჩუკის ცნობილი სიმღერა- „Обійми“(ჩამეხუტე)-ის სპეციალური ვერსია 2022 წელს გადაიღეს ხარკოვში, შრომის სასახლის ეზოში, ეს შენობა ორ მსოფლიო ომს გადაურჩა, თუმცა რუსეთის ავიაიერიშების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ვიოლინოს ჰანგები თავშესაფრიდან

უკრაინელი მევიოლინე ვირა ლიტოვჩენკო ხარკოვის თავშესაფარში კლასიკურ ნაწარმოებებს ასრულებს, და ვიდეობს საკუთარ სოციალურ ქსელში ათავსებს. ყველა ვიდეოში მას საღამოს კაბა აცვია.

“ბევრი ამბობს, რომ ჩემი მუსიკა მათ ნამდვილად ეხმარება, დროც კი არ მაქვს ყველას ვუპასუხო… ხალხი წერს, რომ ხედავს, როგორ არ ეშინია ვიღაცას, რომ ვიღაცას შეუძლია ვიოლინოზე დაკვრა, რომ ისინი მარტო არ არიან ამ ქალაქში”- ამბობს ვირა, რომელმაც საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რათა დახმარებოდა მუსიკოსებს ხარკოვში.

იუმორი ომში

უკრაინელი სამხედროები, რომელთაც რუსი აგრესორის მოგერიება უწევთ, მოსახლეობის განწყობის ამაღლებაზეც ზრუნავენ. ერთ-ერთია  უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ბრიგადის ორკესტრი, რომელმაც ცნობილი უკრაინელი მომღერლის, ველბოის სიმღერა „გუსის“ პაროდია გააკეთა. სიმღერის ახალი ვერსია დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტ სივრცეში.

ასევე საკმაოდ პოპულარულია თურქული დრონებისადმი მიძღვნილი სიმღერა „ბაირაქტარი“ , რომელიც ბევრ საომარ ვიდეოს ფონად გასდევს.

რამდენიმე კომპოზიცია შეიქმნა ჩორნობაევკაზე, ადგილზე, სადაც რუსულ არმიას დიდ წინააღმდეგობას უწევს უკრაინული ჯარი. სოფელი ჩორნობაივკა უკრაინის სამხრეთში, ქალაქ ხერსონთან მდებარეობს, რომელიც ამჟამად რუსულ ძალებს აქვთ ოკუპირებული. ამ ადგილას გამაგრებული ოკუპანტების ბაზა და ავიაცია უკრაინულმა ავიაციამ არაერთხელ დაბომბა წარმატებით, თუმცა რუსები პოზიციას მაინც არ იცვლიდნენ. უკრაინის განმეორებითი წარმატებული შეტევები ჩორნობაივკაში ინტერნეტში ხუმრობების ინსპირაციად იქცა.

 

14 აპრილს რუსული შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ უკრაინელების სარაკეტო იერიშის შედეგად ჩაიძირა. 25 აპრილს კი უკრაინულმა ჯგუფმა SPIV BRATIV-მა იუთუბზე ახალი სიმღერა განათავსა, რომელსაც „მოსკვა “  დაარქვა, სიმღერაც და კლიპიც შარჟია რუსული ხომალდის ბედზე.

უკრაინელები დასცინიან პუტინსაც და რუსულ არმიასაც.  ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ქვემოთ მოცემული სიმღერა. კლიპში ასევე გამოყენებულია ტიკ-ტოკის მოცეკვავე მეომრის ალექსანდრე „ჰუკ“ კოვალენკოს კადრები.

Доброго вечора ми з України (საღამო მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ)

“საღამო მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ”- უკრაინული დუეტის ProBass-ისა და HARDI-ს სიმღერაა, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა და პოპულარული გახდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ტრეკი უკრაინულ Apple music -ის ჩარტებში 2022 წლის მარტში უკვე მერვე ადგილს იკავებდა. მას აქტიურად იყენებენ უკრაინელები ფრონტის ხაზზე გადაღებული საბრძოლო ვიდეოების ფონად. სიმღერის ტექსტს (მისალმებას) იყენებს თავის მიმართვებში მიკოლაევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და სხვები.

ოლეკსანდრ პოვოროზნუკმა, უკრაინელმა მეწარმემ და საფეხბურთო კლუბის “ინგულეცის”  პრეზიდენტმა, ომის დაწყების შემდეგ  ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი მხარდაჭერა გამოუცხადა. პოვოროზნუკის მიმართვა ზელენსკისადმი, უკრაინელებმა სიმღერად აქციეს, ჰიტი მალევე პოპულარული გახდა მთელს ინტერნეტ სივრცეში.

Ed Sheeran და უკრაინული ჯგუფი Antytila

მას შემდეგ რაც ბრიტანელმა მუსიკოსმა ედ შერანმა უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადა, უკრაინულმა ჯგუფმა Antytila-მ სამადლობელო ვიდეო ჩაწერა, ედ შერანი კვლავ გამოეხმაურა მათ და შესთავაზა მის ახალ კომპოზიციაში თანამონაწილეობა. სიმღერის კლიპი უკრაინაში გადაიღეს.

Antytila- ს სოლისტი ტარას ტოპოლია, ის უკრაინას რუსეთის აგრესიისგან 2014 წლიდან იცავს.

“რუსეთ-უკრაინის ომში 2014 წლიდან ჩავერთეთ. მაშინ, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. შევწყვიტეთ დაგეგმილი ტურნე და მოხალისეების რიგებში ჩავეწერეთ”, – ამბობს ჯგუფის წევრი ტარას ტოპოლია.

ცოტა ხნის წინ უკრაინაში ჩავიდა U2-ის სოლისტი ბონო და Antytila-სთან ერთად კიევის მეტროსადგურ კრეშჩატიკში უკრაინელებისთის სოლიდარობის გამოსახატად იმღერა. როგორც ჯგუფის ლიდერი ტარასი ყვება, ბონოსთან ის ედ შერანმა დააკავშირა.

ევროვიზია 2022

ჯგუფი კალუშ ორკესტრა 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული გახდა სიმღერით “სტეფანია”, ასე ჰქვია ჯგუფის სოლისტის დედას. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ომამდე შეიქმნა, ის მაინც იდენტიფიცირდება ბრძოლასთან.

“სიმღერა დედაჩემისთვის ომამდე დავწერე, თუმცა მას შემდეგ სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა” -თქვა ჯგუფის სოლისტმა ფსიუკმა.

კალუშ ორკესტრა” ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ცდილობს გააპროტესტოს რუსეთის აგრესია. ასე მოიქცა ევროვიზიის ფინალშიც, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობა კონკურსში აკრძალულია, მათ მაინც გამოიყენეს ეს პლატფორმაც და საკუთარი გამოსვლის შემდეგ მსოფლიოს მადლობა გადაუხადეს გაწეული დახმარებისთვის და ასევე სთხოვეს, მარიუპოლის, განსაკუთრებით კი აზოვსტალის გადარჩენა.

ევროვიზიაზე გამარჯვების შემდეგ ჯგუფ “კალუშ ორკესტრას” სოლისტი ოლეგ ფსიუკი უკრაინაში დაბრუნდა, რათა შეუერთდეს საკუთარ ქვეყანას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

”ჩვენი სიმამაცე შთაბეჭდილებას ახდენს მსოფლიოზე, ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას. მომავალ წელს ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს, მის ისტორიაში მესამედ და მჯერა, რომ არა უკანასკნელად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს უკრაინულ მარიუპოლში ვუმასპინძლოთ ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს. თავისუფალ, მშვიდობიან, აღდგენილ მარიუპოლში.” – ამბობს მომღერალი.

სრული Playlist-ის სანახავად:

მასალების გადაბეჭდვის წესი