ბრიტანული გამოცემა The Guardian წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი პერსონალურადაა ჩართული უკრაინაში ომის დაგეგმვაში და იმგვარ ოპერატიულ და ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლის გადაწყვეტაც, როგორც წესი პოლკოვნიკებისა და ბრიგადირების საქმეა.
გარდიანის წყაროს თქმით, რომელიც დასავლურ სამხედრო სამსახურს წარმოადგენს, რუსეთის პრეზიდენტი პირადად იღებს გადაწყვეტილებას დონბასში ძალების გადაადგილებაზე, სადაც გასულ კვირას რუსეთის არმიამ მძიმე მარცხი განიცადა, როდესაც რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა სტრატეგიული მნიშვნელობის მდინარის გადალახვა.
The Guaridan-ის ცნობით, პუტინი ახლოს თანამშრომლობს გენერალ ვალერი გერასიმოვთან, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ხელმძღვანელობს:
„ვფიქრობთ, პუტინი და გერასიმოვი არიან ჩართული [ისეთი] ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, რასაც როგორც წესი, პოლკოვნიკები ან ბრიგადირები აკეთებენ ხოლმე,“ – უთხრა წყარომ გამოცემას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალები ამ დრომდე ვერ ახერხებენ დონბასის მიმართულებით გარღვევას და ერთი თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ შედარებით მცირე ოდენობის უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას. The Guardian წერს, რომ ინფორმაცია პუტინისა და მისი ახლო გარემოცვის ომის გეგმარებაში ჩართულობის შესახებ სადაზვერვო მონაცემები ამყარებს.
The Guardian აცხადებს, რომ ბრიტანულ და ამერიკულ არმიაში, პოლკოვნიკები და ბრიგადირები მართავენ ბრიგადებს, რომელიც ბატალიონებისგან შედგება. რუსეთის სამხედრო ოპერაციები კი ექსპერტების თქმით, უფრო ძველმოდური, ვერტიკალური პრინციპით იმართება სადაც ინსტრუქციებს ველზე გენერლები აგზავნიან. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიხედვით, ომის დაწყებიდან დღემდე 12-მდე რუსი გენერალია მოკლული, რაც მიანიშნებს, რომ მოსკოვი იძულებული გახდა გენერლები ფრონტის ხაზთან ახლოს გაეგზავნა.