საზოგადოება

“მხარი დაგვიჭირეთ ამ უსამართლო ბრძოლაში” – 4 ტელეკომპანიის მიმართვა დასავლეთს

16 მაისი, 2022 • 1013
“მხარი დაგვიჭირეთ ამ უსამართლო ბრძოლაში” – 4 ტელეკომპანიის მიმართვა დასავლეთს

ოთხმა მედიასაშუალებამ ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით საქართველოს დასავლელ პარტნიორებს საერთო განცხადებით მიმართა და მათ დახმარებისკენ მოუწოდა. განცხადება ოპოზიციური პარტიების, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო შეხვედრის პარალელურად, “მთავარი არხის” წარმომადგენელმა, გიორგი გაბუნიამ დღეს, 16 მაისს წაიკითხა.

განცხადებას, რომელსაც ამჟამად ხელს ოთხი ტელეკომპანია: “მთავარი არხი”, ფორმულა”, “TV პირველი” და “კავკასია” აწერს უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები მივმართავთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, დამოუკიდებელი მედიის “მთავარია არხის” დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაჭერასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას დაკავება პირდაპირი დემონსტრაციული გზავნილია დასავლეთისთვის, რომ საქართველო არის რუსული, ოლიგარქიული, მიტაცებული ქვეყანა და ის პუტინის მეთოდებით იმართება. ნიკა გვარამიას დაჭერა ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს ევროპასა და ნატოზე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის განხილვის ფონზე.

ასევე, “ოცნების” რეჟიმის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ცხადყოფს, რომ ხელისუფლება გაემიჯნა ცივილიზებულ სამყაროს და ნიკა გვარამიას დაკავება ამის კიდევ ერთი დასტურია. ნიკა გვარამიას დაჭერა არ არის ერთი მედიის, “მთავარი არხის” ან ერთი ადამიანის საკითხი. ეს არის მთლიანად ქართული მედიის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენის საქმე.

ჩვენ, ოპოზიციური მედია ჩვენი საქმიანობით, ყოველთვის მხარს ვუჭერთ დასავლურ ფასეულობებს და ვდგავართ დემოკრატიის სადარაჯოზე.

თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის გაწეული გაქვთ დიდი ძალისხმევა, მათ შორის ფინანსური დახმარება. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არის მართლმსაჯულება, სისტემას მართავს კლანი, ქვეყანა მიტაცებულია და იმართება უკვე დაუფარავად რუსული რეჟიმის მიერ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული არჩევანი წაართვას.

ჩვენ გამოვიარეთ და გავუძელით ყველანაირ ჩაგვრას, ზეწოლას. ფაქტია, რომ ოლიგარქი არ ჩერდება და მორიგ ჯერზე, ოფიციალურად გააფორმა ავტოკრატია.

ქართველი ხალხის და ჩვენი – კრიტიკული მედიის ერთადერთ მოკავშირედ გთვლით თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს და გულშემატკივრებს. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ ამ უსამართლო ბრძოლაში და არ მისცეთ ოლიგარქიულ რეჟიმს საშუალება, რომ საბოლოოდ მოკლას დემოკრატია და ქართველი ხალხის მიერ სისხლით მოპოვებული თავისუფლება და თქვენს მიერ გაწეული ძალისხმევა აღმოჩნდეს ფუჭი”.

გიორგი გაბუნიას განცხადებით, ამჟამად აღნიშნულ განცხადებას ხელს ოთხი ტელეკომპანია აწერს, თუმცა სხვა მედიასაშულებებსაც შეუძლიათ, რომ შეუერთდნენ.

აღნიშნული განცხადების წაკითხვის შემდეგ, ტელეკომპანია “კავკასიის” წარმომადგენელმა, ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ 18 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართება. მისი თქმით, ეს იქნება მედიის სოლიდარობის აქცია ნიკა გვარამიას მიმართ, თუმცა ჯანგირაშვილის განცხადებით, აქცია ღია იქნება პოლიტიკური პარტიებისთვისაც.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამიასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.

ნახეთ ვრცლად: რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი