საზოგადოება

შვედეთის მმართველმა პარტიამ ნატოში გაწევრიანების განზრახვის შესახებ განაცხადა

15 მაისი, 2022 • 1324
შვედეთის მმართველმა პარტიამ ნატოში გაწევრიანების განზრახვის შესახებ განაცხადა

ფინეთის შემდეგ შვედეთი აცხადებს, რომ იმუშავებს ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანაზე. შვედეთის მმართველმა სოციალ-დემოკრატებმა თქვეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა იკვრება ალიანსში გაწევრიანების სასარგებლოდ.

„პარტიის საბჭომ 2022 წლის 15 მაისის სხდომაზე გადაწყვიტა, რომ პარტია იმუშავებს იმისთვის, რომ შვედეთმა განაცხადოს ნატოში გაწევრიანებაზე“, — ნათქვამია სოციალ-დემოკრატების განცხადებაში.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ოფიციალურ განაცხადს რამდენიმე დღეში გააკეთებს.

დღესვე, ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება ოფიციალურად დაადასტურა.

ოფიციალური განცხადება ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა გააკეთეს.

„ეს ისტორიული დღეა. იწყება ახალი ერა“, — განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას. ფინეთის პარლამენტი საკითხის განხილვას ორშაბათს დილიდან იწყებს.

რუსეთის მიერ ჯერ უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზების, შემდეგ კი ფართომაშაბიანი ომის ფონზე გააქტიურდა დისკუსია ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან და თუ ისინი წევრობაზე განაცხადს შეიტანენ, შესაძლებელია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი