საზოგადოება

რატომ ცდილობენ რუსული ტანკები მდინარის გადაკვეთას ლუგანსკში

13 მაისი, 2022 • 2002
რატომ ცდილობენ რუსული ტანკები მდინარის გადაკვეთას ლუგანსკში

უკრაინული წყაროების თანახმად, რუსული საოკუპაციო ძალები რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობენ მდინარე ჩრდილოეთის დონეცზე გადასვლას, რასაც თან ახლავს დიდი სამხედრო დანაკარგებიც.

რუსული ძალები მდინარეზე გადასვლას სოფელ ბილოგორივკასთან, მათ შორის პონტონის, ანუ სპონტანური სამდინარო ხიდის გამოყენებით, ჯერ კიდევ 9 მაისის შემდეგ ცდილობენ.

რუსული ტექნიკის განადგურების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროც.

სამინისტროს თანახმად, მე-17 სატანკო ბრიგადის არტილერიის დანაყოფმა მდინარეზე გადასვლის დროს გაანადგურა რუსეთის საოკუპაციო ძალების ათობით ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა.

ბრძოლის შედეგების ამსახველი კადრები სამინისტრომ, ასევე, სხვადასხვა უკრაინულმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა.

განადგურებული რუსული ტექნიკა მდინარის სანაპიროზე 

კადრებში ჩანს განადგურებული ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკები, მომარაგებისა და საევაკუაციო მანქანები, ასევე, განადგურებული პონტონის ხიდიც, რომლითაც ოკუპანტები მდინარის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდნენ.

რატომ ცდილობენ რუსები მდინარეზე გადასვლას 

სოფელი ბილოგორივკა, სადაც რუსები მდინარის გადაკვეთას ცდილობენ, მდებარეობს ლუგანსკის ოლქში, ქალაქების, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დასავლეთით.

ამჟამად რუსული საოკუპაციო ძალები, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტულ ძალებთან ერთად, სევეროდონეცკს ჩრდილოეთიდან უტევენ.

იმ შემთხვევაში, თუ რუსები მოახერხებენ მდინარის გადაკვეთას და ბილოგორივკაში გადასვლას, ისინი ქალაქებზე შეტევას დასავლეთიდანაც შეძლებენ.

რუსული და უკრაინული ძალების განლაგება ლუგანსკის ოლქში

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, რუსულმა ძალებმა შესაძლოა, ნაცვლად იზიუმი-სლაციანსკი-დებალცევოს ხაზიდან, ყურადღება გადაიტანონ სრულიად სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკისკენ.

რუსული ძალების გადაადგილებაც სწორედ ამ სამხედრო მანევრის ნაწილია.

რატომაა მნიშვნელოვანი სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ მიაღწია ომის დაწყების ძირითად მიზანს, უკრაინის მთავრობისა და საგარეო პოლიტიკის ცვლილებას, რაც პირველ რიგში, კიევის დაკავებით იქნებოდა შესაძლებელი, საომარი სტრატეგია შეცვალა და ომის მეორე ფაზა წამოიწყო, რომლის გაცხადებული მიზანიც დონეცკსა და ლუგანსკში ტერიტორიული წინსვლაა.

სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი ლუგანსკის ოლქის ბოლო დიდი დასახლებებია, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებს რუსეთის ფედერაცია.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ქალაქების დაკავებას რუსული ძალები შეძლებენ, აღმოჩნდება, რომ ლუგანსკის მთელი ოლქი, რომლის საზღვრების ფარგლებში რუსეთის მიერ მართულმა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სრულიად ოკუპირებული აღმოჩნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი