საზოგადოება

თუ აღმოჩნდება, რომ აქ არ არის რესურსი, მხოლოდ შემდეგ შეიძლება ფიქრი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე — სარჯველაძე

12 მაისი, 2022 • 1036
თუ აღმოჩნდება, რომ აქ არ არის რესურსი, მხოლოდ შემდეგ შეიძლება ფიქრი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე — სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის საჭიროება მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს, თუკი გამოჩნდება, რომ საქართველოში მისი მკურნალობისთვის საჭირო რესურსი არ არსებობს.

სარჯველაძის სიტყვებით, ამ ეტაპზე წინაპირობაც არ არსებობს იმისა, რომ ამგვარად შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

“თუკი ადამიანს სჭირდება სამედიცინო მომსახურება, პატიმრის შემთხვევაში ეს გაეწევა უშუალოდ იქ, ადგილზე, საპატიმრო დაწესებულებაში. თუ ავადმყოფობის შინაარსია ისეთი, როცა ვეღარ აუდის ამას პენიტენციური სამსახური, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომ გაყვანილი იქნას კერძო კლინიკაში.

ჰიპოთეტურად, თუ იარსებებს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ვერც პენიტენციური სამსახურის და ვერც ერთი კერძო კლინიკის მომსახურება ვერ აღმოჩნდეს შეიძლება საკმარისი ასეთი სერვისისთვის და, სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით გუშინაც აღინიშნა, რომ ღმერთმა დაიფაროს, რომ ასეთი რამე სჭირდეს ბატონ სააკაშვილს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაისვას უცხოეთში წაყვანის საჭიროება”, — დასძინა მან.

ჟურნალისტებმა სარჯველაძეს სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის სამართლებრივ საფუძვლებზეც ჰკითხეს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, სამართლებრივ საფუძვლებზე საუბრის დაწყება ახლა “ძალიან ნაჩქარევია”.

“…თუკი ოდესღაც, ჰიპოთეტურად, ასეთი რისკი შეიძლება გაჩნდეს — მაგრამ ახლა, ამ წუთას, ნამდვილად არ არის წინაპირობაც კი, რომ ასე შეიძლება მოვლენები განვითარდეს — ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ სამართლებრივ საფუძველზეც”.

“თუ აღმოჩნდება, რომ ეს დიაგნოზი არის, საჭიროა ეს მკურნალობა და საქართველოში არ არის ასეთი რესურსი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი იმაზე, რომ მოინახოს სამართლებრივი მექანიზმები იმისთვის, რომ გადაყვანილი იქნას უცხოეთში”, — დასძინა მან.

სარჯველაძის სიტყვებით, სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს და კონკრეტული საჭიროებები სწორედ აქედან გამოჩნდება.

რა ხდება

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.

ოჯახი და ადვოკატები სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ საზღვარგარეთ ითხოვდნენ, რადგან,  მათი თქმით, მისი მდგომარეობის მართვა საქართველოში „შეუძლებელია“.

იუსტიციის სამინისტრომ პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზა, სადაც, როგორც წესი, პატიმრებს მკურნალობენ.

სააკაშვილი დათანხმდა „ვივამედში“ გადასვლას, ოღონდ გარკვეული პირობების სანაცვლოდ, თუმცა ნეტგაზეთისთვის უცნობია, ამ პირობებიდან რომელი დააკმაყოფილა ხელისუფლებამ და რომელი — არა.

სააკაშვილის პირობები იყო:

  • მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს, ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ “ემპათიიდან”, რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი;
  • სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს;
  • ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი “ემპათიის” ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით.

სააკაშვილი ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს

მასალების გადაბეჭდვის წესი