საზოგადოება

ფოტო ბუჩაში, რომელმაც შვილს მამის ცხედარი აპოვნინა

12 მაისი, 2022 • 14653
ფოტო ბუჩაში, რომელმაც შვილს მამის ცხედარი აპოვნინა

გაფრთხილება: სტატია შეიცავს მძიმე კადრებს

მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარმა კიევის ოლქში მდებარე ქალაქი ბუჩა დატოვა, იქ ქუჩაში მიმოფანტული არაერთი ცხედარი დატოვეს. მალევე ფოტოჟურნალისტებს მიეცათ შესაძლებლობა, ეს საზარელი კადრები კამერებზე აღებეჭდათ. ერთ-ერთ ფოტოზე ასახული იყო მანქანის საბარგულში მოთავსებული კაცის ცხედარი, თავში ჭრილობით. „მედიაზონასთან“ სწორედ ამ ფოტოს შესახებ ჰყვება ამერიკელი ფოტოჟურნალისტი კრისტოფერ ოქიკონი, რომლის მიერ გადაღებულმა სურათმაც შვილს მამის ცხედარი აპოვნინა.

– პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ყველას გვქონდა გაგებული, რა მოხდა ბუჩაში, მაგრამ იქ ჩასვლა ძალიან რთული იყო. როდესაც 3 აპრილს გავიგეთ, რომ ქალაქი გაიწმინდა, მაშინვე იქით გავეშურეთ. როცა ჩავედით, შევესწარით, როგორ აღმართეს უკრაინის დროშა ქალაქის მერიის შენობის თავზე. ბუჩაში მომხდარზე გაგონილი გვქონდა, რამდენიმე ვიდეო ვნახეთ, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა გაავრცელეს, ვიცოდით, რომ რაღაც საშინელება მოხდა.

ალბათ, ყველაზე ცნობილი ის კადრებია, რომლებიც ასახავს იაბლონსკას ქუჩაზე გარდაცვლილ მოქალაქეებს, რომლებსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ. არ ვიცოდით, სად იყო ეს ადგილი. ერთმა კაცმა დაგვიძახა, „მოდით, ეს უნდა ნახოთო“ და ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში მივედით, სადაც სხვადასხვა სახელოსნოები მდებარეობდა. გვაჩვენეს ავტომობილების ინსპექტირების ადგილი, სადაც მოკლული კაცის ცხედარი ვნახეთ. ეს სურათი თავში აღმებეჭდა. კაცმა მამაჩემი გამახსენა, რომელიც ასევე ავტომექანიკოსი იყო. მამაჩემზე გაცილებით ასაკოვანი იყო, მაგრამ ნანახმა შემაშფოთა.

მუშაობა გავაგრძელეთ, ფოტოები გადავიღეთ და გამოვაქვეყნეთ. ბევრი მძიმე კადრი Wall Street Journal-ში აღიბეჭდა, რაც კარგია იმიტომ, რომ როგორც წესი, გამოცემებს არ სურთ ადამიანები დაამწუხრონ, რომლებიც კვირა დილას საუზმისას კითხულობენ გაზეთს.

მე და ჩემი მეგობარი გოგო რუმინეთში წავედით, რადგან შესვენება მჭირდებოდა. იანვრის დასაწყისიდან გამუდმებით ვმუშაობდი… ასე რომ, წავედით რუმინეთში და ერთ საღამოს, 21 საათზე მესიჯი მივიღე ქალაქის საკრებულოს თანამშრომლისგან, რომელიც ოჯახებს გარდაცვლილთა იდენტიფიცირებაში ეხმარებოდა. ქალმა მითხრა, რომ მათ ახალგაზრდა კაცი დაუკავშირდა, რომელიც ფიქრობდა, რომ ჩემს ფოტოზე მამამისის ცხედარი იყო ასახული.

საუბარი დავიწყეთ და მითხრა, რომ ოჯახი მომდევნო დღეს კიევში ვიზიტს გეგმავდა და თუ შევძლებდი, მეც მთხოვა ჩასვლა. რუმინეთში ვიყავი, მაგრამ ყოველივე ამას შენზე პერსონალურადაც აქვს გავლენა. შეიძლება ერთ კონკრეტულ შემთხვევას არა, მაგრამ… ბიჭი იქ იქნებოდა, შეიძლებოდა გაგვერკვია, რა მოხდა, ვინ იყო ეს კაცი. ასე რომ, წავედი.

მთელი ღამე მანქანით ვიმგზავრეთ კიევამდე, დილას რომ იქ ვყოფილიყავით, და პირდაპირ მორგში გავემართეთ, სადაც ბიჭს, მის ბიძაშვილს და სიმამრს შევხვდით. მთელი დღე მათთან გავატარე და ეს გრძელი დღე იყო. მორგში ვიყავით, რომელიც სავსე იყო და გარეთ კიდევ ორი სატვირთო იდგა ცხედრებით სავსე. უნდა გაგვეხსნა გვამის პარკები და გვენახა. ეს კაცი ბოლოს 3 ან 4 მარტს ნახეს, ჩვენ კი ერთი თვის შემდეგ უნდა დაგვეთვალიერებინა. წარმოიდგინეთ გვამის მდგომარეობა ამ დროის შემდეგ, ეს საშინელება იყო. მისი სამოსი ერთადერთი რამ იყო, რითაც იდენტიფიცირება შეიძლებოდა. მას არც დოკუმენტები ჰქონდა და არც პირადი ნივთები.

მთელი დღე მორგში გავატარეთ. ადამიანები მოდიოდნენ, სანამ იქ ვიყავით, პარკებს ხსნიდნენ, სატვირთოსთან მიდიოდნენ და ეძებდნენ ახლობლებს. საშინელი სუნი იდგა. მოდიოდნენ დაღუპულების ცოლები, ძმები უყურებდნენ ცხედარს და კამათობდნენ „ეს ისაა“, „არა, ის არაა“. ცხედრები საშინელ მდგომარეობაში იყო. ეს დანაშაულს ჰგავდა დანაშაულის შემდეგ და ამას დამატებული კიდევ დანაშაული. ეს ოჯახების მდგომარეობას უფრო ამძიმებდა, რთული საყურებელი იყო, მაგრამ საჭირო იყო ჩვენება.

შემდეგ ბუჩაში წავედით და გავიგეთ, რომ დაღუპული კაცი მართლმადიდებელი მღვდელი იყო, მირონ ზვარიჩუკი. ის ოთახს ქირაობდა მოხუცი ქალისგან და იქვე ეკლესიაში მსახურობდა. მოხუცმა ქალმა გვითხრა, რომ იცოდა, მღვდელი დაკარგული იყო, სავარაუდოდ, მკვდარი, მაგრამ ყველა მცირე იმედს ეჭიდებოდა. ამ დამოკიდებულებამ 9/11 გამახსენა და ადამიანები, რომლებიც თვეების შემდეგაც ეძებდნენ ახლობლებს. როცა იცი, რომ ისინი დაიღუპნენ, მაგრამ ჯერ ეს ფაქტი არ არის და მცირე იმედი არსებობს.

ქალმა გვითხრა, რომ მღვდელი, სავარაუდოდ, წყლისა და საკვების მოსატანად წავიდა. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ ფიქრობენ, რომ რუსმა სამხედროებმა იცოდნენ, რომ ის ივანო-ფრანკოვსკიდან იყო, უკრაინულენოვანი მართლმადიდებელი მღვდელი და იფიქრეს- „აქ ბანდერა გვყავს, გავუსწორდეთ!“.

შემდეგ კიევში დავბრუნდით, ცხედარი ივანო-ფრანსკოვსთან ახლოს მდებარე პატარა სოფელში გადავასვენეთ. დაკრძალვის პროცესიაში მთელი სოფელი მონაწილეობდა. შთამბეჭდავი იყო. პროცესი 8 საათს გაგრძელდა.

აღმოჩნდა, რომ კაცის პოვნაში ოჯახს ფოტო დაეხმარა. სხვაგვარად ცხედრის პოვნას ვერ შეძლებდნენ. როცა ბუჩაში ვიყავით, ოჯახის წევრებს სურდათ იმ ადგილის ნახვა, სადაც ვიპოვეთ. ახლომახლო დამწვარი ნივთების გროვა ვიპოვეთ. ვნახეთ მისი ნახევრად დამწვარი პასპორტი, ფული, მანქანის გასაღები კი გამდნარი იყო, ისევე როგორც მისი დამტენი და მობილური ტელეფონი.

ვისურვებდი მეთქვა, რომ ეს ყოველივე ღამის კოშმარი იყო, მაგრამ – არა.

მასალების გადაბეჭდვის წესი