საზოგადოება

„აზოვსტალის“ დაბომბვას ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

12 მაისი, 2022 • 2312
„აზოვსტალის“ დაბომბვას ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ტატო ბიგვავა დაიღუპა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, 27 წლის მებრძოლი მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში დაბომბვას ემსხვერპლა.

დაღუპული მებრძოლის მამა ბადრი ბიგვავა “მთავარ არხთან” იხსენებს, რომ ბოლოს შვილთან კონტაქტი 8 მაისს ჰქონდა, შემდეგ კი შეატყობინეს, რომ დაბომბვისას დაიღუპა.

“8 მაისს მქონდა ბოლო კავშირი. სადღაც დღის ორი საათი იყო და მომწერა, ნორმალურად ვარო, მის მერე გაწყდა კავშირი. მეორე დღეს მაცნობეს, რომ რაღაც დავალებიდან იყვნენ დაბრუნებულები და ისვენებდნენ. რუსულმა ავიაციამ ჩამოყარა ბუნკერის საწინააღმდეგო სამტონიანი ბომბები და იქ მოყვა ჩემი შვილი. იქ დაიღუპა.

რომ მიდიოდა, საქართველოს დროშაც თან წაიღო და ამბობდა, რომ საქართველოს და უკრაინას ერთდროულად ვიცავო”, – განაცხადა ბადრი ბიგვავამ.

ტატო ბიგვავას ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის აზოვის ბატალიონის წევრი იყო. მათივე ცნობით, დაღუპული მებრძოლის საქართველოში გადმოსვენება ამ დროისთვის ვერ ხერხდება, რადგან რუსეთს აზოვსტალის ქარხანა კვლავ ალყაში აქვს მოქცეული.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ საბრძოლო მოქმედებები, პრაქტიკულად, არ გაჩერებულა. ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ბრძოლები ამ დროისათვის, ძირითადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარეობს. ალყაშია მოქცეული მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანა, რომლის მიწისქვეშა გვირაბებსა და ბუნკერებს ასეულობით სამხედრო აფარებს თავს.

მთავარზე ფოტოზე: ტატო ბიგვავა. კადრი “მთავარი არხის” ვიდეოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი