საზოგადოება

ფინეთის პრეზიდენტი და პრემიერი ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ

12 მაისი, 2022 • 1256
ფინეთის პრეზიდენტი და პრემიერი ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ

ფინეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ. ამის შესახებ ქვეყნის ორი ლიდერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს, 12 მაისს, გავრცელდა.

პრეზიდენტი საული ნიინისტე და პრემიერ-მინისტრი სანა მარინი აღნიშნავენ, რომ ფინეთმა ნატო-ს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გაწევრიანებისთვის.

“ნატოში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც ნატოს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ნატოს.  ვიმედოვნებთ, რომ ეროვნული ნაბიჯები, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, უახლოეს დღეებში სწრაფად გადაიდგმება“, – ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერის ერთობლივ განცხადებაში.


ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ დისკუსია რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზების შემდეგ გააქტიურდა.

ნატო-ში ფინეთის გაწევრიანება ისტორიული მოვლენა იქნება, ვინაიდან რუსეთის მეზობელ სკანდინავიურ ქვეყანას (დაახლოებით 1300-კილომტრიანი საზვარი აქვთ) ათწლეულების მანძილზე სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ჰქონდა დეკლარირებული.

ფინეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პოლიტიკური ბალანსის დამყარების მცდელობაში გაატარა, თუმცა რუსეთის ომმა უკრაინაში ქვეყნის გეოპოლიტიკურ აზროვნებაში ფუნდამენტური ცვლილება გამოიწვია.

თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ფინეთში საზოგადოების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი გამოკითხვის მიხედვით, დაახლოებით 30%-დან თითქმის 80%-მდე გაიზარდა.

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ფინეთის უსაფრთხოების ვითარება შეცვალა.

ფინეთის მთავრობა ნატო-ში გაწევრიანების საკითხს შაბათ-კვირას განიხილავს. პარლამენტი კი განაცხადს, სავარაუდოდ, ორშაბათს, 16 მაისს დაამტკიცებს.

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში უსაფრთხოების პოლიტიკის მსგავსი გადახადევა გამოიწვია შვედეთშიც, რომლის ლიდერებიც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერენ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან და თუ ისინი გადაწყვეტენ განაცხადის შეტანას წევრობაზე, შესაძლებელია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება.

თავის მხრივ, რუსეთშიც, რომელიც თავის სამეზობლოში ნატო-ს გაფართოებას ეწინააღმდეგება, ეხმაურებიან ალიანსის შესაძლო გაფართოებას მათ ჩრდილოეთ საზვღარზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ფინეთის და შვედეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება, რაც რუსეთის მხრიდან „საპასუხო ნაბიჯებს“ გამოიწვევს.

თუმცა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ცოტა ხნის თქვა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდებიან, რუსეთს მოუწევს, დასავლეთის ფლანგი უფრო დაცული გახადოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა ეს გაფართოება არ იქნება განხილული როგორც ეგზისტენციალური საფრთხე, რომელმაც შესაძლოა, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დააფიქროს.

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილი პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კი თქვა, რომ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში შვედეთი და ფინეთი რუსეთში ოფიციალურ მოწინააღმდეგეებად აღიქმებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი