საზოგადოება

არესტოვიჩმა უარყო “ადმირალ მაკაროვის” ჩაძირვის ცნობები

8 მაისი, 2022 • 5021
არესტოვიჩმა უარყო “ადმირალ მაკაროვის” ჩაძირვის ცნობები

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ცნობა რუსული სამხედრო ფრეგატის, “ადმირალ მაკაროვის” ჩაძირვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

რუს ოპოზიციონერ აქტივისტ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში არესტოვიჩმა განაცხადა, რომ კუნძულ ზმეინთან უკრაინულმა ძალებმა რუსული სამხედრო სადესანტო-სატრანსპორტო კატერი ჩაძირეს,  ფრეგატი მაკაროვი – არა.

არესტოვიჩმა ამ თემაზე გავრცელებულ ცნობებს “გაუგებრობა” უწოდა და არ გამორიცხა, რომ პირველწყარო თავად რუსეთის ფედერაცია ყოფილიყო იმ უკრაინული და დასავლური პრესის დისკრედიტაციისთვის, რომლებიც მას გაავრცელებდნენ. შემდეგ კი გაირკვეოდა, რომ ფრეგატის ჩაძირვის ცნობა ტყუილი იყო.

„ადმირალ მაკაროვზე“ ნეპტუნის სარაკეტო სისტემის მეშვეობით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პარასკევს, დილიდან სხვადასხვა წყაროთი გავრცელდა, თუმცა ის არ დაუდასტურებია უკრაინის რომელიმე ოფიციალურ უწყებას.

გემი „ადმირალი მაკაროვი“ არის „ადმირალი გრიგორევიჩის“ კლასის ფრეგატი.

მას სახელი რუსი ადმირალისა და გამომგონებლის, სტეფან მაკაროვის საპატივსაცემოდ ეწოდა.

რუსეთის ფლოტის უდიდესი ნაწილისგან განსხვავებით, ის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კალინინგრადში, გემმშენებელ ქარხანა იანტარში 2012-2015 წლებში აიგო და თავისი კლასის გემებში უახლესია. გემს, “მოსკვასგან” განსხვავებით, კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების სროლის საშუალება აქვს, რომლითაც რუსეთი უკრაინულ ქალაქებს ბომბავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი