საზოგადოება

ოჯახი და პარტია ერთად, სხვადასხვა ფრონტზე იბრძვის სააკაშვილისთვის – მელია

5 მაისი, 2022 • 1135
ოჯახი და პარტია ერთად, სხვადასხვა ფრონტზე იბრძვის სააკაშვილისთვის – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ოჯახთან ერთად იბრძვის „ნაციონალური მოძრაობაც“ და ამისთვის „სხვადასხვა ფრონტია გაშლილი“.

მთავრობის კანცელარიასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

„არსებობს პროპაგანდული ხაზი ხელისუფლებაში, რომ სურათი წარმოაჩინონ იმდაგვარად, თითქოს ოჯახი, პოლიტიკური პარტია და სხვა საზოგადოებრივი აქტიური ჯგუფების წარმომადგენლები არიან ცალ-ცალკე. ეს ასე არ არის“.

ნიკა მელიას განცხადებით, ახლა „სხვადასხვა ფრონტია გაშლილი, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით“.

„ყველანი ვემსახურებით ერთ მიზანს – გვინდა, ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე, რომ ამ ქვეყანამ მოიპოვოს მყარი გარანტიები თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, ტყვეობაში დატოვება პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას, რაც პუტინის და ივანიშვილის გეგმებში შედის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, მას, როგორც პარტიის ლიდერს, სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია აქვს უცხოელ პარტნიორებთან და ეჭვი არ ეპარება, რომ „არცთუ ისე შორეულ პერსპექტივაში საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში იქნება გადაყვანილი“.


რამდენიმე დღეა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებსს მართავს და მკურნალობის მიზნით ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან ფიქრობენ, რომ საქართველოში მას შესაბამის მკურნალობას ვერ ჩაუტარებენ.

ასევე, აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილისგან ითხოვენ სააკაშვილის შეწყალებას და ყველა იმ ბერკეტის გამოყენებას, რაც ქვეყნის პრეზიდენტს აქვს.

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი