საზოგადოება

“აზოვის” მეთაური აზოვსტალში “სისხლიან ბრძოლებზე” საუბრობს

5 მაისი, 2022 • 1075
“აზოვის” მეთაური აზოვსტალში “სისხლიან ბრძოლებზე” საუბრობს

უკრაინის ძალები ქალაქ მარიუპოლში მდებარე მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე “რთულ, სისხლიან ბრძოლებში” არიან ჩაბმულნი რუსი სამხედროების წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ უკრაინის “აზოვის” პოლკის მეთაური, დენის პროკოპენკო იუწყება.

როგორც პროკოპენკო სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნავს, ჯარისკაცები “ზეადამიანური ძალისხმევით” ცდილობენ მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიებას, ვითარება კი “უკიდურესად მძიმეა”.

მანამდე უკრაინის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა “აზოვსტალის” ტერიტორიაზე შესვლა მოახერხეს. დიდ ფართობზე გაშლილი მეტალურგიული ქარხანა უკრაინის ძალების უკანასკნელი დასაყრდენია ალყაშემორტყმულ, მიწასთან გასწორებულ მარიუპოლში.

როგორც “ომის კვლევის ინსტიტუტი” (ISW) ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანალიზში აღნიშნავს, რუსეთის ძალებმა პირველად შეძლეს “აზოვსტალის” სიღრმეში შეღწევა. მეორე მხრივ, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვითმა ძალებმა დიდწილად შეაჩერეს რუსეთის წინსვლა უკრაინის აღმოსავლეთში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, იური საკმა BBC-ის უთხრა, რომ “აზოვსტალის” დაცვა უკრაინის ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტია.

პროკოპენკოს მსგავსად, მანაც მიუთითა “უკიდურესად რთულ” ვითარებაზე. მისი თქმით, რუსეთის ძალებმა, რომლებიც მანამდე საჰაერო დაბომბვებსა და სარაკეტო დარტყმებზე იყო ფოკუსირებული, სახმელეთო შეტევა დაიწყეს ქარხანაზე.

სამხედროების გარდა, “აზოვსტალის” ტერიტორიას სამოქალაქო პირებიც აფარებენ თავს.

ხსენებულ ინტერვიუში საკმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეძლებდნენ ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ შეთანხმებას, რაც მეტ სამოქალაქო პირსა და დაჭრილ ჯარისკაცს მისცემს შესაძლებლობას, დატოვონ ქარხანა.

“ჩვენ მშვიდად და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი”, — აღნიშნა მან, თუმცა იქვე დაამატა, რომ უკრაინას ცუდი გამოცდილება აქვს რუსეთის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. თავის მხრივ, ჰუმანიტარულ დერეფნებზე შეთანხმებების დარღვევაში მოსკოვი კიევს სდებს ბრალს.

გასულ კვირას ქარხნიდან 100 ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, რისთვისაც უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს.

თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დახმარება სთხოვა ანტონიო გუტიერესს, რათა “აზოვსტალიდან” ყველა დაჭრილის ევაკუაცია მოხდეს. “ქარხანაში დარჩენილი ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია”, — უთხრა ზელენსკიმ გუტიერესს.

BBC-ს ცნობით, ქარხნის შიგნით, სავარაუდოდ, 200-მდე სამოქალაქო პირი რჩება.

4 მაისს რუსეთმა თქვა, რომ ქარხნიდან ადამიანების გამოსაყვანად ჰუმანიტარული დერეფნები 5, 6 და 7 მაისს, მოსკოვის დროით 08:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებდა.

Reuters-ის თანახმად, 5 მაისს  კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები მუშაობს და უარყო ინფრომაცია, რომლის თანახმადაც რუსეთი “აზოვსტალს” უტევს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომი უკვე მესამე თვეა, მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი უკრაინაში დღეს მარიუპოლია.

ომის დაწყების შემდეგ, ის რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა. ამჟამად ქალაქის დიდ ნაწილს რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.

კვირების განმავლობაში, უკრაინელთა წინააღმდეგობის ბოლო წერტილი სწორედ “აზოვსტალია”. ის გვირაბებისა და ბუნკერების დიდ ქსელს მოიცავს, რომელსაც სამოქალაქო პირები აფარებენ თავს.

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება, შეტევა ახალი მიმართულებებით გადაიტანოს.

გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი