საზოგადოება

“ბებია, ბაბუა და ორი ძაღლი მომიკვდა” – 8 წლის ბიჭის დღიური მარიუპოლიდან

4 მაისი, 2022 • 1161
“ბებია, ბაბუა და ორი ძაღლი მომიკვდა” – 8 წლის ბიჭის დღიური მარიუპოლიდან

მარიუპოლის ალყაში მოქცეული 8 წლის ბიჭი დღიურებს აწარმოებდა, სადაც ჩაწერა, რომ დაეღუპა ბებია და ბაბუა, თავად, მისი და და დედა კი დაიჭრნენ. მისი დღიურის ფოტოები ფოტოგრაფმა ევგენი სოსნოვსკიმ გამოაქვეყნა საკუთარ გვერდზე.

8 წლის ბიჭი დღიურში სხვადასხვა დღეს თავებად ყოფდა:

ომი: კარგად გამოვიძინე, გავიღვიძე, გავიღიმე, ავდექი, და 25 გვერდამდე წავიკითხე. ასევე, დამეღუპა ბაბუა, ზურგზე ჭრილობა მაქვს, კანია გაგლეჯილი, ჩემს დას თავზე აქვს ჭრილობა, დედაჩემს მკლავიდან ხორცი ამოგლიჯა და ნახვრეტი აქვს ფეხზე.

მეგობარი: მე 8 წლის ვარ, ჩემი და 15 წლის, დედა 38-ის… მე გავიჩინე ახალი მეგობარი – ვიკა, მხიარულია და ჩვენი მეზობელია. მას კარგი მშობლები ჰყავს.

პარასკევი: გავიღვიძე, გავიღიმე და ა.შ. ბებო წყლის მოსატანად წავიდა… მე მალე დაბადების დღე მაქვს. ორი ძაღლი მომიკვდა და ბებია გალია. და საყვარელი ქალაქი მარიუპოლი მთელი ეს დრო 24 თებერვლიდან მოყოლებული”, – წერს ბიჭი დღიურში.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლი რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა. რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება შეტევის ახალი მიმართულებებით გადატანის შესაძლებლობა. გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების, „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მარიუპოლიდან რამდენიმე ათეული ადამიანის ევაკუაცია მოხდა, მათ შორის, „აზოვსტალის“ ქარხნიდანაც.

გარეკანის ფოტო: ევგენი სოსნოვსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი