საზოგადოება

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა — რას გეგმავს სააკაშვილის ოჯახი?

2 მაისი, 2022 • 1910
ულტიმატუმის ვადა ამოიწურა — რას გეგმავს სააკაშვილის ოჯახი?

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი უწყვეტ აქციებს აანონსებს.

2 მაისის 18:00 საათზე ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა საქართველოს მთავრობას მისცა, რათა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაეყვანათ. ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ძმებმა — დავით და გიორგი სააკაშვილებმა — სამომავლო სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს.

„ხვალიდან ჩვენ აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან — პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ ექიმებთან, საპატრიარქოსთან. გვაქვს სიგნალები, რომ შეიძლება პატივი დაგვდოს და უწმინდესი შეგვხვდეს. იქნებ მისმა ავტორიტეტმა მოახდინოს რამე გავლენა. გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომელსაც ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ ძალიან აქტიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მოვივლით ყველა რეგიონს, დავიწყებთ აჭარიდან და შევხდებით ხალხს და თუ საჭიროა, მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც. აქციის კონკრეტულ თარიღს ამ დღეებში გავავხმოვანებთ“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ დავით სააკაშვილმა.

გარდა ამისა, ოჯახი სთავაზობს ხელისუფლებას, თუ ქართველ ექიმებს არ ენდობა, სასწრაფოდ ჩამოიყვანოს საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების შესაფასებლად.

სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

ასევე, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრისთვის სასჯელის გადავადება ან მისგან გათავისუფლება პენიტენციური სამსახურის პრეროგატივა არ არის და ოჯახმა სასამართლოს უნდა მიმართოს.

„სასამართლოს უნდა მიმართონ“ — ბრეგაძე სააკაშვილის ოჯახის ულტიმატუმზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი