საზოგადოება

ლავროვის განცხადებების გამო ისრაელში რუსეთის ელჩი დაიბარეს

2 მაისი, 2022 • 3591
ლავროვის განცხადებების გამო ისრაელში რუსეთის ელჩი დაიბარეს

იტალიურ გადაცემაში სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ელჩს იბარებს. როგორც Jerusalem Post წერს, ინტერვიუს მიმდინარეობისას ლავროვმა რამდენიმე განცხადება გააკეთა, რომელსაც ისრაელში ანტისემიტურად აფასებენ.

გამოცემა წერს, რომ ლავროვის თქმით, „ის ფაქტი, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, ეს არ უკუაგდებს ნაცისტურ ელემენტებს მის ქვეყანაში“. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, „ებრაული სისხლი ადოლფ ჰიტლერსაც ჰქონდა“. ინტერვიუს დასასრულს კი ლავროვმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელშიც თქვა, რომ „ყველაზე დიდი ანტისემიტები თავად ებრაელები არიან“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აღნიშნულ განცხადებებს გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც რუსი კოლეგის ფრაზებს უპატიებელი და საშინელი ისტორიული შეცდომა უწოდა.

„ჰოლოკოსტის დროს ებრაელებს თავი არ დაუხოცავთ. ებრაელების ანტისემიტიზმში დადანაშაულება რასიზმის ყველაზე მდაბიო ფორმაა“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი.

ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში “დენაციფიკაციის” აუცილებლობა დაასახელა, სინამდვილეში კი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ქვეყანამ დემოკრატიული წესით, არჩევნებით აირჩია, ებრაელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი