საზოგადოება

მიმდინარეობს ევაკუაცია მარიუპოლიდან, მათ შორის, „აზოვსტალიდან“

1 მაისი, 2022 • 4670
მიმდინარეობს ევაკუაცია მარიუპოლიდან, მათ შორის, „აზოვსტალიდან“

უკვე დაწყებულია მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია რუსების კონტროლირებადი მარიუპოლიდან, ასევე, ალყაში მყოფი „აზოვსტალიდან“. ამ ინფორმაციას ადასტურებს როგორც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ისე „წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება“.

ადამიანთა ევაკუაციის პროცესს სწორედ „წითელი ჯვარი“ და გაერო წარმართავენ.

„წითელი ჯვარი ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ადამიანთა უსაფრთხო გამოყვანა გაეროსა და კონფლიქტის მხარეებთან კოორდინაციით“, — აცხადებს „წითელი ჯვარი“ და დასძენს, რომ ავტომობილთა კოლონამ, რომელსაც მარიუპოლიდან და მათ შორის, „აზოვსტალიდან“ მოქალაქეები გამოჰყავს, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად 230 კილომეტრი გაიარა.

როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, ევაკუირებულთა პირველი ჯგუფი, რომელშიც 100-მდე ადამიანია, „აზოვსტალიდან“ უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიისკენ, ქალაქ ზაპოროჟიისკენ მიემართება.

ევაკუაციის პროცესს წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ვიზიტი ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ გაეროს დახმარებით იქნებოდა შესაძლებელი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა, სადაც ჯერ კიდევ არის დარჩენილი 100 ათასამდე ადამიანი. ომამდე ამ ქალაქში 400 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ბრძოლები არ შეწყვეტილა. ერთ-ერთი პირველი იერიში რუსულმა არმიამ მარიუპოლზე მიიტანა. აღნიშნულ ქალაქს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, რადგან ის ანექსირებულ ყირიმსა და სეპარატისტულ დონბასს შორის დამაკავშირებელ გზაზეა.

მარიუპოლში ასევე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“, რომელსაც თავს ამ დრომდე აფარებს, სულ მცირე, ათასი მშვიდობიანი მოქალაქე და ასევე, მებრძოლთა ნაწილი.

მარიუპოლს, გარდა „აზოვსტალისა“, რუსეთის არმია აკონტროლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი