საზოგადოება

„და რაიმე შედეგი დადგა? ნული“ – პრემიერი ივანიშვილი-ევტუშენკოვის ზარზე

27 აპრილი, 2022 • 895
„და რაიმე შედეგი დადგა? ნული“ – პრემიერი ივანიშვილი-ევტუშენკოვის ზარზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რუსი სანქცირებული ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის წარმომადგენელს არ შეხვედრია და ბიზნესსექტორთან გადაამისამართა, ხოლო მათ შეხვედრებს საქართველოში არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმეორა ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის ვერსია, რომლის თანახმადაც ევტუშენკოვის წარმომადგენელს, ალი უზდენოვს,  იგი არ შეხვედრია და ბიზნესსექტორთან გადაამისამართა:

„მე მართლაც მომმართა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა ბიზნესშემოთავაზებები და მე ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნესთან. ეს ადამაინი [ალი უზდენოვი], რომელიც ხიდაშელის მოწვეული იყო, დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნესწარმომადგენელს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„და რაიმე შედეგი დადგა? ნული. თქვენ მიერ ხსენებული ბიზნესმენის [ალი უზდენოვის] შეხვედრებს, – მისი სახელი არც მახსოვს, –  საქართველოში არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. არავითარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„რაც შეეხება შეხვედრას, მე ვერ ვხვდები, რატომაა ასეთი აჟიოტაჟი. რამე მოხდა? რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი? თუ რაზე გვაქვს საუბარი?.. სანქცირებული ვინ არის“? – იკითხა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტებმა მას უპასუხეს, რომ ვლადიმერ ევტუშენკოვი, რომელსაც ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება, სანქცირებულთა სიაშია. „თქვენი ვერსიის მიხედვით, როდის არის სანქცირებული“? – იკითხა ღარიბაშვილმა, თუმცა შემდეგ ჟურნალისტების სხვა კითხვაზე გასცა პასუხი.

ირაკლი ღარიბაშვილმა განახადა, რომ ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარს ასახავს, „არაფრისმთქმელი“ არ არის.

„საერთოდ მე არ ვთვლი, რომ პრემიერმა კომენტარი უნდა გააკეთოს გაუგებარ ჩანაწერებზე. გაუგებარია ამაზე სპეკულირება და სერიოზული კომენტარის გაკეთება [არ შეიძლება]“, – განაცხადა მან.

„კარგად გვესმის, რომ ამ ფარული ფასლიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში სურთ ომის დაწყება და არიან გამწარებული, სასოწარკვეთილები, და ამ სიყალბით ცდილობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას“, – აცხადებს პრემიერი.

„მე ვერ დავიჯერებ, რომ ბიზნესმენი [ევტუშენკოვი] აქეთ ურეკავს “ფორმულას” ჟურნალისტს. არ მსურს ამ თემაზე საუბარი“, – განაცხადა მან.

25 აპრილს, იუთუბ არხზე, Cyber Kmara, გავრცელდა მორიგი აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარს ასახავს.

ევტუშენკოვი, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის წარმოების ფონზე, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სიაშია.

ევტუშენკოვი რუსული საფინანსო-სააქციო კორპორაცია „სისტემის“ დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი იყო, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილში, სანქციების დაწესების შემდეგ, საკუთარი წილის 10% შვილს გადაუფორმა და ამჟამად ფლობს კომპანიის 49.2%-ს.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, ივანიშვილი და სანქცირებული რუსი ბიზნესმენი ევტუშენკოვი სამომავლო ბიზნესსაკითხებს განიხილავენ. ამასთან, თანხმდებიან, რომ ევტუშენკოვის წარმომადგენელს, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნდა შეხვედროდა.

ამასთან, ევტუშენკოვი სთხოვს ივანიშვილს, პირადადაც შეხვდეს მის წარმომადგენელს, რათა გადასცეს მისი პირადი დანაბარები.

პარლამენტის სპიკერმა აუდიოჩანაწერის ავთენტურობა ოფიციალურ, კომპეტენტურ დასკვნამდე, ეჭვის ქვეშ დააყენა და თქვა, რომ [აუდიოჩანაწერები] „შეუიარაღებელი ყურით და თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია“, ხოლო მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არ იცის საუბრის ავთენტურობის შესახებ, თუმცა საუბრის შინაარსზე ამბობს, რომ არაფერია გასაკვირი, რადგან „ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე“.

ვლადიმერ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ 2022 წლის მარტში ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა, თუმცა აცხადებს, რომ საუბრის საკითხი არ ყოფილა „პოლიტიკური“ და ბიზნესთან დაკავშირებული, ხოლო მისი წარმომადგენელი ალი უზდენოვი ღარიბაშვილს „დასვენებაზე“ ესაუბრა.

ევტუშენკოვისგან განსხვავებულ, წინააღმდეგობრივ ვერსიას ავრცელებს დავით ხიდაშელი, ბიზნესმენი, რომელიც, როგორც მისი განცხადებიდან გამომდინარეობს, ნამდვილად არის ის „დავითი“, რომლის შესახებაც ივანიშვილი და ევტუშენკოვი საუბრობენ.

დავით ხიდაშელმა 26 აპრილს გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია, ხოლო ალი უზდენოვთან რუსეთიდან ხორბლის შემოტანის იდეას ამუშავებს.

ხიდაშელის თქმით, სწორედ ამ საკითხზე შეხვდა საქართველოში ალი უზდენოვს, ბიზნესმენებსა და მეხორბლეებს, თუმცა ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა არ გამართულა.

„მოგეხსენებათ, საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნესსექტორთან, მეხორბლეებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნესსექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნესსექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა“, — აცხადებს ხიდაშელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი