საზოგადოება

აქ არ იგულისხმება „ხორბალი“, საუბარია ფულზე – ცისკარიშვილი ჩანაწერზე

26 აპრილი, 2022 • 1396
აქ არ იგულისხმება „ხორბალი“, საუბარია ფულზე – ცისკარიშვილი ჩანაწერზე

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „ხორბალი“, რის შესახებაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეგობარი, სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, ვლადიმერ ევტუშენკოვი გავრცელებულ ჩანაწერში საუბრობენ, სინამდვილეში ნიშნავს არა ხორბალს, არამედ დიდი რაოდენობით ფულს.

რა ჩანაწერებზეა საუბარი?

25 აპრილს „იუტუბზე“ მომხმარებელმა, სახელით cyber kmara, გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, საუბრობენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია.

ამ არხზე ადრეც გავრცელდა ჩანაწერი- რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი – რომელშიც, სავარაუდოდ, ვლადიმერ ევტუშენკოვი ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით, 2022 წლის მარტში ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის ორჯერ შედგა საუბარი.

რას ვიგებთ პირველი ჩანაწერიდან?

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბრისას, რომელიც 10 მარტს შედგა, ევტუშენკოვი ივანიშვილს ეუბნება, რომ აქვს იდეა, რომელსაც „დავითი“ ჩამოიტანს და რომელიც „ხორბალს“ (Зерно) უკავშირდება:

ევტუშენკოვი: ბორ, იდეა მაქვს, რომელიც მინდა… დავითი ჩამოიტანს, ნუ, გნახავს შენ, ალი

ივანიშვილი: კი, კი, კი

ევტუშენკოვი: ჩემი მოადგილე, უეზდენოვი, ხორბლის თაობაზე. ეს შენთვისაც და სხვებისთვისაც საინტერესოა. თუ ამ საქმეში შენც ჩაეწერები, ამ საქმეზეც წავალ.

ივანიშვილი. ოკეი, დავითს დავურეკო, ხო?

ევტუშენკოვი: ალი ჩემს წინაა, უბრალოდ ეგ და დავითი ჩამოვლენ მანდ.

ბივანიშვილი: ოკეი, დავხვდები აქ.

ევტუშენკოვი: შეხვდი, განიხილეთ და თუ ჩვენთან ერთად ხარ, ყველაფერს გავაკეთებთ.

ივანიშვილი: კარგი, ვოლოდია, გეხვევი, კარგად“.

რას ვიგებთ მეორე ჩანაწერიდან?

მეორე ჩანაწერის მიხედვით, რომელიც 13 მარტითაა დათარიღებული, ევტუშენკოვს ივანიშვილი ეუბნება, რომ  მისი წარმომადგენელი პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გაუშვა, თუმცა ევტუშენკოვი სთხოვს, პირადად შეხვდეს:

„ევტუშენკოვი: ბორენკა, მითხარი, გეთაყვა, ჩემი ბიჭი ჩამოვიდა, ალი, ნუ, მას იცნობ. შეგიძლია, რამენაირად შეხვდე მას?

ივანიშვილი: მე ისინი მაშინვე პრემიერთან გავუშვი, პრინციპში. ის ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს. მე მას ვუთხარი, რაც უნდა გააკეთოს და ალბათ ისინი უკვე ხვდებიან ერთმანეთს.

ევტუშენკოვი: ისინი იქ არიან, ხვდებიან… შენ ის მითხარი, შენ თუ შეხვდები?

ივანიშვილი: თუ საჭიროა.. მე ქალაქგარეთ ვარ და ცოტა მოუხერხებელია, მაგრამ თუ საჭიროა, არ იქნება პრობლემა. 

ევტუშენკოვი: ბორ, გთხოვ, იმიტომ, რომ ის გეტყვის, რა მინდა. 

ივანიშვილი: ოკეი, რომელზე იქნება? დღესაა საჭირო თუ ხვალაც შესაძლებელია?

ევტუშენკოვი: ხვალ შეიძლება.

ივანიშვილი: ოკეი.

ევტუშენკოვი: კარგი ბორენკა, გეხვევი, ძვირფასო.

ივანიშვილი: გეხვევი“…

ვინ არის ევტუშენკოვი 

ვლადიმერ ევტუშენკოვი რუსი მილიარდერი და ოლიგარქია.

ის მსხვილი რუსული კორპორაცია „სისტემის“ მფლებელია. ჯერ კიდევ 2020 წელს „სისტემის“ 59% -ს ფლობდა.

2022 წლის აპრილში უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დიდმა ბრიტანეთმა ევტუშენკოვზე პერსონალური სანქცია გაავრცელა, რის შემდეგაც, „როიტერსის“ ცნობით,  „სისტემის“ წილების ნაწილი შვილზე გადააფორმა.

რას ამბობენ მთავრობაში?

თუკი 25 აპრილს ევტუშენკოვსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრის გავრცელებული ჩანაწერი ავთენტურია, გამოდის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მარტში შეხვდა რუსი ოლიგარქის წარმომადგენლებს.

შეხვდა თუ არა პრემიერ-მინისტრი ვინმე ალი უეზდენოვს 2022 წლის მარტში? თუ კი, რა საკითხებზე? – ამ კითხვით მიმართა „ნეტგაზეთმა“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს. პასუხი მეორე დღეა, არ მიგვიღია.

26 აპრილს „ქართული ოცნების“ მოქმედმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „არავინ იცის“, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები, თუმცა, „რომც იყოს ავთენტური, აქ არაფერზეა საუბარი, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე“, ხოლო საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს.

რას ამბობენ ფიგურანტები?

ვლადიმერ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ 2022 წლის მარტში ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა, თუმცა აცხადებს, რომ საუბრის საკითხი არ ყოფილა „პოლიტიკური“ და ბიზნესთან დაკავშირებული, ხოლო მისი წარმომადგენელი ალი უზდენოვი ღარიბაშვილს „დასვენებაზე“ ესაუბრა.

ევტუშენკოვისგან განსხვავებულ, წინააღმდეგობრივ ვერსიას ავრცელებს დავით ხიდაშელი, ბიზნესმენი, რომელიც, როგორც მისი განცხადებიდან გამომდინარეობს, ნამდვილად არის ის „დავითი“, რომლის შესახებაც ივანიშვილი და ევტუშენკოვი საუბრობენ.

დავით ხიდაშელი არის ბიზნესმენი, რომელიც „კარტოგრაფების საქმეში“ ფიგურირებს, როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება.

დავით ხიდაშელმა 26 აპრილს გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია, ხოლო ალი უზდენოვთან რუსეთიდან ხორბლის შემოტანის იდეას ამუშავებს.

ხიდაშელის თქმით, სწორედ ამ საკითხზე შეხვდა საქართველოში ალი უზდენოვს, ბიზნესმენებსა და მეხორბლეებს, თუმცა ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა არ გამართულა.

„მოგეხსენებათ, საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნესსექტორთან, მეხორბლეებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნესსექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნესსექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა“, — აცხადებს ხიდაშელი.

„არ გვაქვს ინფორმაცია“ – ბიზნესსექტორი

„ნეტგაზეთი“ ამ საკითხზე „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციასა“ და „პურის მრეწველთა კავშირს“ დაუკავშირდა.

„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ „ნეტგაზეთთან“ საუბარში განაცხადა, რომ „მეპურეებთან მსგავსი საუბარი არ ყოფილა“ და მსგავსი საუბრების/მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არც კი სმენია.

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მასაც არ სმენია:

„ჩვენთან, როგორც ასოციაციასთან, არც პირადად ჩემთან, არავითარი კომუნიკაცია, მათ შორის არც სატელეფონო კომუნიკაცია, არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. თუ ვინმე კერძოსთან იყო საუბარი, არ ვიცი. ჩემთვის არ არის ცნობილი ასეთი ფაქტი, საერთოდ არ ვიცი… ამ პიროვნებას და არც [მის] პარტნიორებს არ ვიცნობ. ასეთი კომუნიკაცია არ ჰქონია და როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გეუბნებით, რომ ასოციაციის ფარგლებშიც ასეთი კომუნიკაცია არც საქართველოს მთავრობიდან ყოფილა და არც პირდაპირ ვინმესგან“.

რას ამბობენ ოპოზიციაში?

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „ხორბალი“, რის შესახებაც, ჩანაწერის მიხედვით და დავით ხიდაშელის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი და ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ, სინამდვილეში ხორბალს არ ნიშნავს.

პეტრე ცისკარიშვილმა გაიხსენა რამდენიმე კვირის წინ უკრაინული მხარის, კერძოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, და განაცხადა:

„ჩვენი ხელისუფლება მოითხოვდა, „დაგვიმტკიცეთ, წარმოადგინეთ მტკიცებულება“ და ა.შ. როგორც ჩანს, უკრაინელ კოლეგებს უკვე იმ დროისთვის ჰქონდათ არსებული ინფორმაცია ხელთ. მათ ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს Зерно.

როდესაც ამის შესახებ არის საუბარი, აქ არ იგულისხმება არც ხორბალი და არც მარცვლეული – ეს არის ფული. აქ არის პირდაპირი მინიშნება ფულზე, დოლარებსა და რესურსებზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი