საზოგადოება

მოკლულია კიდევ 2 რუსი გენერალი — უკრანის თავდაცვის უწყება

23 აპრილი, 2022 • 7147
მოკლულია კიდევ 2 რუსი გენერალი — უკრანის თავდაცვის უწყება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ხერსონის რეგიონში ბრძოლისას ორი რუსი გენერალი “გაანადგურეს”. ინფორმაცია 23 აპრილს გავრცელდა.

უწყების თანახმად, რუსეთის 49-ე არმიის მესამე გენერალი მძიმედაა დაჭრილი, მობილური სამეთაურო ცენტრი კი განადგურებულია.

როგორც BBC წერს, დასავლელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში, ბრძოლისას, იმაზე მეტი რუსი გენერალი მოკლეს, ვიდრე რომელიმე სხვა კონფლიქტში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება მომზადების ნაკლებობა, რაც, შესაძლოა, გენერლებს უბიძგებდეთ, თავი საფრთხეში ჩაიგდონ.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურმა 23 აპრილის დილას გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც ბოლო 24 საათში რუსეთის ძალებს არ მიუღწევიათ მნიშვნელოვანი წარმატებისთვის.

“…უკრაინული [ძალების] კონტრშეტევები კვლავ აფერხებს მათ ძალისხმევას”, — აღნიშნავს უწყება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომი უკვე 2 თვეა, მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი უკრაინაში დღეს მარიუპოლია. ომის დაწყების შემდეგ, ის რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა.

ამჟამად ქალაქის დიდ ნაწილს რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. უკრაინული ძალები „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირების ნაწილთან ერთად იმყოფებიან.

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება, შეტევა ახალი მიმართულებებით გადაიტანოს. გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი