საზოგადოება

ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი — იერმაკი

23 აპრილი, 2022 • 1548
ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი — იერმაკი

უკრაინის ქალაქ ოდესაზე 23 აპრილს რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დაღუპულებს შორის 3 თვის ბავშვია. მანამდე, ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებდა, რომ თავდასხმის შედეგად დაჭრილთა რაოდენობა 18-ს შეადგენს.

BBC-ის თანახმად, სარაკეტო თავდასხმისას სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა. სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრებიც, რომლებშიც შენობიდან ამოსული შავი კვამლი ჩანს.

“ოდესაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის ერთადერთი მიზანი ტერორია”, — დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, რუსეთმა დაადასტურა, რომ მან განახორციელა დარტყმები ოდესის ტერიტორიაზე. რუსული სახელმწიფო გამოცემა TASS თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მწყობრიდანაა გამოსული უკრაინის ძალების ლოჯისტიკური ბაზა, ოდესის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომზე.

TASS-ს არ უხსენებია საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი დარტყმა. რუსეთი აქამდეც უარყოფდა მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას.

2 თვეა, რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. იბომბება როგორც სამხედრო ობიექტები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა.

მიწასთანაა გასწორებული არაერთი ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი