საზოგადოება

აშშ უკრაინას დონბასის რელიეფზე მორგებულ შეიარაღებას გადასცემს

21 აპრილი, 2022 • 3536
აშშ უკრაინას დონბასის რელიეფზე მორგებულ შეიარაღებას გადასცემს

აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს.

აშშ-მა უკრაინას 800-მილიონიანი სამხედრო დახმარება წინა კვირასაც გაუწია. ახალი პაკეტი, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, მოიცავს მძიმე არტილერიას — ათობით „ჰაუბიცას“ და 144 ათასი ჭურვს; ასევე, ტაქტიკურ დრონებს.

ბაიდენის თქმით, ახალი შეიარაღება მორგებული იქნება დონბასის რელიეფზე, ბრძოლისუნარიანობის გაზრდაზე, მას შემდეგ, რაც უკრაინამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა კიევის ოლქში.

„რუსეთმა ახლა შეცვალა თავისი კამპანია აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად. ეს არის კრიტიკული დროის ფანჯარა, როდესაც ისინი ქმნიან ომის შემდეგი ეტაპის საფუძველს“, — განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, მომავალ კვირას კონგრესს მიმართავს ოფიციალური თხოვნით, დაამტკიცოს მეორე დამატებითი დაფინანსების პაკეტი უკრაინის დასახმარებლად.

„მომავალ კვირას მე უნდა გავუგზავნო კონგრესს დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა, რათა იარაღი და საბრძოლო მასალა შეუფერხებლად მიედინებოდეს მამაცი უკრაინელი მებრძოლებისთვის და გავაგრძელოთ ეკონომიკური დახმარების მიწოდება უკრაინელი ხალხისთვის“, — თქვა მან.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე გამოაცხადა ახალი პროგრამა, სახელწოდებით „ვერთიანდებით უკრაინისთვის“, რომელიც უზრუნველყოფს გამარტივებულ პროცესს აშშ–ში ჩასვლის მსურველი უკრაინელი ლტოლვილებისთვის.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები კრძალავს რუსეთთან აფილირებული გემების შესვლას ამერიკულ პორტებში.

„არცერთ გემს, რომელიც დაცურავს რუსეთის დროშის ქვეშ, ან რომელიც ეკუთვნის მას, ან მართავს რუსეთი, არ მიეცემა აშშ-ის პორტში ან ჩვენს სანაპიროებზე შემოსვლის ნება“, — განაცხადა ბაიდენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი