კიევის ოლქიდან ჯარების გაყვანის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის გაცხადებული გეგმა გახდა უკრაინის ორი რეგიონის – ლუგანსკის და დონეცკის დაკავება.
უკრაინის პრეზიდენტისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, დონეცკსა და ლუგანსკში მოსკოვის მიერ 24 თებერვალს გაჩაღებული ომის „მეორე ფაზა“ დაიწყო.
„ატლანტიკური საბჭოს“ სკოუფროტის ცენტრის სამხედრო ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ დაიწყო ომის ახალი ფაზა და პროგნოზირებენ, რომ პირველ ფაზასთან შედარებით განსხვავებული იქნება: „დიდი ალბათობით, ეს იქნება სისხლიანი ომი გამოფიტვაზე“.
რა მიზანი აქვს რუსეთს?
„ატლანტიკური საბჭოს“ ექსპერტების მოსაზრებით, დონეცკსა და ლუგანსკში [ამ ორ რეგიონს ხშირად ერთი სახელით, დონბასით მოიხსენიებენ] მოსკოვს შემდეგი მიზანი ამოძრავებს:
- სახმელეთო გზის გაკაფვა დონბასიდან [რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებულ] ყირიმამდე, რაც „გაამყარებს რუსეთის პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდაზე“;
ამასთან ერთად, ისინი თვლიან, რომ მთელ რეგიონზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, რუსეთს მისი ავტონომიის მოთხოვნისთვის უკეთესი პოზიცია ექნება, რომლის მიღების შემთხვევაშიც რეგიონი რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს პროტექტორატი გახდება.
გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ დონბასზე კონტროლის დამყარება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საშუალებას მისცემს იმის სათქმელად, რომ „სპეცოპერაცია“ [ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება ომს – რედ.] წარმატებული გამოდგა.
ექსპერტების აზრით, რუსეთის სამხედრო ძალების მთავარი მიმართულება მარიუპოლზე კონტროლის დამყარება [ეს ყირიმთან სახმელეთო გზას გახსნის] ან მისი განადგურებაა. გარდა ამისა, ისინი მოელიან, რომ რუსეთი შეეცდება აიღოს ქალაქი იზიუმი, რომელიც ხარკოვსა და დონბასს შორის მდებარეობს და „სტრატეგიულად მნიშვნელოვანია“.
ბრძოლა იზიუმისა და დონბასისთვის
„ატლანტიკური საბჭოს“ ექსპერტები თვლიან, რომ მომდევნო ორ კვირაში სავარაუდოა სერიოზული ბრძოლა იზიუმისთვის, რომელიც ამჟამად რუსეთის კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება დონბასს, სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ რეგიონებში რუსეთის შეტევების წარმატებული მოგირიების მიუხედავად, უპირატესობა, რომელიც უკრაინელებს იქ ჰქონდათ, დონბასში აღარ იქნება.
„უკრაინის სამხედრო ძალებს არა მარტო რუსეთის იერიშის მოგერიება დასჭირდება, მათ მოუწევთ, რუსული სამხედრო ძალები გააძევონ კარგად გამაგრებული პოზიციებიდან. ასეთი ტიპის ბრძოლები სისხლიან და გამოფიტვის ომამდე მივა“.
თუმცა, მათივე მოსაზრებით, რუსეთის მიერ დონბასზე ფოკუსირების მიუხედავად, გაგრძელდება სარაკეტო და საჰაერო დაბომბვა მთელ უკრაინაში – „რათა უკრაინის საჰაერო თავდაცვა მარტო დონბასზე არ იყოს კონცენტრირებული… ხოლო აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს მიუვიდეს მუქარა, რომ კიდევ უფრო მეტად არ ჩაერიონ კონფლიქტში“.
რა სჭირდება უკრაინას?
ექსპერტების აზრით, ვინაიდან შეიცვალა ომის არსი და თავდაცვის ნაცვლად ფრონტის ხაზზე დაიწყება ბრძოლა, „საჭიროა, უკრაინის შესაძლებლობები თავდაცვითის ნაცვლად შემტევი გახდეს… თავდაცვითი შეიარაღების გარდა, რუსეთის იერიშის მოგერიებისთვის და კონტრიერიშზე გადასვლისთვის უკრაინას შემტევი შეიარაღებაც სჭირდება“. ისინი ასახელებენ შეიარაღებას, რომელიც უკრაინას ამ მიზნებისთვის დასჭირდება:
- შორსმსროლელი არტილერია, სარაკეტო სისტემები და ნაღმტყორცნები – „მნიშვნელოვანი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, რუსული ძალები მწვავე შეტევის ქვეშ იქნებიან… რაც პოტენციურად აიძულებს მათ, დატოვონ კარგად გამაგრებული პოზიციები“;
- შემტევი საჰაერო ძალები – თვითმფრინავები „მიგ-29“ და „სუ-24“ და ვერტმფრენი „მი-24“ – „უკრაინამ არა მარტო უნდა იბრძოლოს საკუთარი საჰაერო სივრცის თავდაცვისთვის, არამედ საჰაერო ძალები შეტევისთვის გამოიყენოს“;
- ბრონირებული ავტოტრანსპორტი;
- მეტი საზღვაო ნაღმები და რაკეტები.
რა შეუძლია უკრაინას?
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთს ჰქონდა სერიოზული პრობლემები – ლოგისტიკა, ჯარისკაცების დაბალი სულისკვეთება და ოპერაციების მართვა. თუმცა, მათივე თქმით, მოსკოვმა მათ მოსაგვარებლად ნაბიჯები გადადგა:
- „აღმოსავლეთ უკრაინაში ძალების კონცენტრაცია შეამოკლებს მომარაგების ხაზებს“;
- გენერლ ალექსანდრ დვორნიკოვის დანიშვნა მთელი ჯარის მეთაურად;
- თავდაცვით პოზიციებში გამოუცდელი ჯარების განლაგება, „რაც იმავე უპირატესობას მისცემს, რომელიც უკრაინას ომის დასაწყისში ჰქონდა“.
უკრაინის წარმატებისთვის ისინი შემდეგ ნაბიჯებს მიიჩნევენ საჭიროდ:
- მარიუპოლიდან რუსული ჯარების განდევნას, რაც მოსკოვს ყირიმამდე სახმელეთო გზის გაყვანის საშუალებას არ მისცემს;
- დონეცკის დასავლეთით და ჩრდილოეთით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება იქამდე, სანამ რუსეთი კონტროლის გამყარებას მოახერხებს.
სტატიის ავტორები ამბობენ, რომ უკრაინის იერიშები ყირიმის და დონბასის მიმართულებით არაპირდაპირი საჰაერო და სახმელეთო დარტყმა უნდა იყოს და თავიდან იყოს აცილებული განურჩეველი არტილერიული დაბომბვა – „საკუთარი მოქალაქეების დასაცავად და [უკრაინისა] და რუსეთის ქმედებების შორის განსხვავების საჩვენებლად“.
თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით, თუ უკრაინული ძალები შეეცდებიან, კონტრიერიშზე გადავიდნენ ყირიმსა და დონბასის ოკუპირებულ ნაწილში, „დგება გადატვირთვის რისკი, როგორც ეს რუსეთს დაემართა თავისი ზედმეტად ამბიციური გეგმის ფარგლებში“.







