განახლება: მას შემდეგ, რაც სტატია გამოქვეყნდა, სამეზობლოს მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდათ. მერიამ შემდგომ განაცხადა, რომ ინვესტორს უარი ეთქვა და ბეტონის ქარხანა ამ ადგილას არ აშენდება.
დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩასთან ახლოს, საცხოვრებელ კორპუსებსა და რაგბის სტადიონს შორის, ვიწრო ტერიტორიაზე, ბეტონის ქარხნის აშენებას აპირებენ.
ამჟამად ადგილი სამშენებლო ღობითაა შემოსაზღვრული, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოებიც. როგორც ღობის მიღმა მყოფი მუშები, ასევე კომპანია ირწმუნება, ეს სამუშაოები ეხება უშუალოდ ქარხნის დანადგარების ნაწილის მოწყობას და არა მათ გრძელვადიან განთავსებას ტერიტორიებზე.
ჩვენი მისვლის შემდეგ მეზობლები კომპანიას დაუკავშირდნენ და მუშებმაც, ზედამხედველთან ერთად, ტერიტორია დატოვეს.

აქ მცხოვრები ხალხისთვის აივნების ქვეშ ბეტონის ქარხნის აშენების იდეა სრულიად მიუღებელია. ისინი შიშობენ თავიანთი შვილების ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიურ ზიანზე, რომელიც ქარხანამ შეიძლება მოიტანოს.

თავად კომპანია და მერია ამბობენ, რომ ახლა მიმდინარეობის გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებლობის შეფასების პროცესი. ქარხნის ბედი კი უწყებისგან დადებითი ან უარყოფითი დასკვნის შემდეგ გადაწყდება.
მეზობლების პროტესტი
თეა დოლიძე ფეისბუკზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საუბნო გვერდის „დიდ დიღომი (მთავარი ჯგუფი)“ მოდერატორია. თეას კორპუსი იმ ტერიტორიას უყურებს, სადაც ქარხანა უნდა მოეწყოს. დღეს შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შევყევით.
ადგილზე რამდენიმე სატვირთო და ბეტონსაზელი დანადგარის ნაწილი დაგხვდა, მუშები მათ „ჭანჭიკებს უჭერენ“. თუმცა აქვე განმარტავენ, რომ ამ დროისთვის არც საძირკველი არსებობს და არც მშენებლობა დაწყებულა, ხოლო თუ ქარხანაზე უარყოფითი დასკვნა მოვიდა, ამ ნაწილებს, უბრალოდ, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანენ.
„2-3 კვირის წინ ფეისბუკზე დაიდო პოსტი, აქედან გავიგე. როგორც ხედავთ, გარშემო სულ კორპუსებია. ვიღაცამ, ვინც ახლომდებარე კორპუსში ცხოვრობს, ფეისბუკ პოსტი გამოაქვეყნა, თქვა, რომ აქ, ეზოში გვიშენებენ ასეთ რაღაცას. აქედან 50 მეტრია კორპუსამდე.
როგორც მოგეხსენებათ, ფეისბუკი ძალიან კარგი საშუალებაა ადამიანებისთვის ინფორმაციის გაზიარების და, შესაბამისად, ამ პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გვაინტერესებდა, რა ხდებოდა. შემდეგ შევიკრიბეთ საინიციატივო ჯგუფი, ილია ელოშვილთან [თბილისის მერის მოადგილე] გვქონდა შეხვედრა და თვითონვე წამოაყენა ინიციატივა, რომ შექმნილიყო 5-კაციანი ჯგუფი, რომელიც მივიდოდა მერიაში. ასევე გვითხრეს, რომ ეს ქარხანა უვნებელია, რომ არსებობს შესაბამისი სერტიფიკატები და ა.შ.“ ,— იხსენებს ნეტგაზეთთან თეა დოლიძე.
მერიაში საინიციატივო ჯგუფი 18 აპრილს მივიდა, თუმცა თეა დოლიძე ამბობს, რომ ადგილზე არანაირი ტექნიკური დოკუმენტაცია არ დაახვედრეს, „რომ გვენახა ამ ქარხნის სპეციფიკა, მისი მახასიათებლები, თუნდაც ის, თუ როგორ მოხდება ტექნოლოგიური პროცესი – როგორ მოხდება აქ ცემენტის მოზიდვა, ჩატვირთვა, რამდენად უსაფრთხოა ეს პროცესი და სხვა“.

შეხვედრა დასრულდა იმით, რომ ქარხნის შესახებ დოკუმენტაცია გაიგზავნება გარემოს დაცვის სამინისტროში, იქ კი მასზე მიიღებენ დასკვნას და „თუ დასკვნა დადებითი იქნება, მხოლოდ შემდეგ დაიწყება ქარხნის აწყობა“.
„თუნდაც ახლა, აქ რომ ვდგავართ, ქარი ქრის და არის დღეები, როდესაც აქ, უბრალოდ, გრიგალია. წარმოიდგინეთ, ასეთი ამინდის დროს აქ ცემენტის ქარხნიდან რა მოხდება… ისედაც არ გვაკლია ფილტვებში მტვერი.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ საღამოს დავბრუნდით, დავპოსტეთ ჩვენს ჯგუფში შეხვედრის შესახებ. დილას კი გვხვდება მეზობლების პოსტები იმის შესახებ, რომ მოსულები არიან, საინფორმაციო ბანერი დააყენეს, დაიწყეს აწყობა და ა.შ.
გვეუბნებიან, რომ ამას უბრალოდ ვაწყობთ, კი არ ვამუშავებთ, ვაწყობთ. თუ მოვა დასკვნა, დავამონტაჟებთ, თუ არ მოვა დასკვნა, გადავიტანთო. ამის არავის სჯერა“.

მას შემდეგ, რაც თეა დოლიძესთან სამშენებლო მოედანზე აღმოვჩნდით, ადგილზე ასევე მოვიდა ლანა მუშკუდიანი, თავის მცირეწლოვან შვილთან – თუთასთან ერთად.
ლანა აქ მე-6 წელია, რაც ცხოვრობს და 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ქარხნის მშენებლობის შესახებ ფეისბუკიდან დაახლოებით 1 კვირის წინ შეიტყო.
„ამას ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ და რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვიზამთ“, — ამბობს ის.
ლანა გვიყვება, რომ რამდენჯერმე მისწერა თბილისის მერს, ასევე დაუკავშირდა გამგებელს, გიზო ვასაძეს. თუმცა კონკრეტული პასუხი ან დაპირება ჯერ არ მიუღია.

„ამ ტერიტორიაზე ძალიან ხშირია ქარი, მათ შორის, ძლიერი. ირგვლივ ხედავთ, ყველგან მშენებლობები მიმდინარეობს. შესაბამისად, ქარს სულ მოაქვს თან მტვერი. [ქარხნის აშენების შემთხვევაში] წარმოუდგენელი რამ მოხდება, ფანჯარას ვერ გავაღებთ, აივანზე ვერ გავალთ – ხმაურზე ზედმეტია საუბარი.. მით უმეტეს, ახლა ზაფხული მოდის“, – ამბობს ლანა მუშკუდიანი.
ის დასძენს, რომ ქარხნის გარეშეც აქ ძალიან მწირია რეკრეაციული სივრცე და სახეზეა ეკოლოგიური პრობლემები: „რომ შემოხვიდეთ „არქი“ ჯგუფის კორპუსებში, გაგეცინებათ – პატარა ბეტონის ნაგლეჯი და პატარა სასრიალოა. დაახლოებით 600 ადამიანი, ვინც აქ ვცხოვრობთ, აქ ვასეირნებთ ბავშვებს“.
„აქ შეგვპირდნენ რაღაც პარკის გაშენებას და რამდენად ალოგიკურია, ხომ ხვდებით: თან გვეუბნებიან, რომ პარკს გიშენებთო და თან წინ ბეტონის ქარხანას აწყობენ.
გვეუბნებიან, რომ 3 წლით იქნება ეს ქარხანა, მაგრამ ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ერთი წლით იქნება თუ 3-ით, ეს ხომ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას დააზიანებს, ეს ხომ ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება? ეს არის დასახლებული პუნქტი და მის შუაგულში აკეთებენ ასეთ რაღაცას. მოძებნონ სადმე ისეთი ადგილი, სადაც არ არის კორპუსები, სადაც განაშენიანება ასეთი მჭიდრო არ არის და ააშენონ იქ. ყველა აღშფოთებული ვართ“.

პარკის დაპირებაზე ნეტგაზეთთან საუბრობს ანა ინასარიძეც. ანა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქარხნის მშენებლობის შესახებ გაიგო, ადგილი შეამოწმა, წაიკითხა საინფორმაციო ბანერიც.
„ეკოლოგიურად სუფთა“ კი აწერია ბანერს, მაგრამ ეს ყველაფერი გადასამოწმებელია. თუ მუდმივი სამყოფელი ექნება ამ ქარხანას, ყოვლად დაუშვებელია და ეკოლოგიურადაც არ არის მიზანშეწონილი… არ ვიცით, როგორი ფილტრაცია ექნება, როგორ განვითარდება პროცესები და უმჯობესია, რომ ეს ქარხანა გადაიტანონ ქალაქგარეთ. წინასწარ არავის გავუფრთხილებივარ, გუშინ გავიგე. მე ვცხოვრობ დასაწყისში. აქ შენდება პარკი და თუ პარკი გაიმტვერა, სულაც არ მინდა მერე ამ პარკში სეირნობა. დაზარალებული ვართ ყველანაირად“, — უთხრა ნეტგაზეთს ანა ინასარიძემ.

კომპანიის, მერიისა და გამგეობის პასუხი
სამშენებლო ღობეს, რომლითაც შემოსაზღვრულია როგორც ახლომდებარე კორპუსის, ასევე მომავალი ქარხნის ტერიტორია, რეგულაციების შესაბამისად, სპეციალური ბანერია გამოკრული. ბანერზე წერია: „ობიექტზე მიმდინარეობს „იქსმშენი დიდი დიღომში“-ს მშენებლობა „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, სადაც მშენებლობის დასრულებამდე განთავსდება კომპაქტური ბეტონის თანამედროვე ქარხანა“.
აქვე აღნიშნულია, რომ ქარხანა „ეკოლოგიურად სუფთა და ფილტრაციის თანამედროვე სისტემითაა აღჭურვილი“.

ნეტგაზეთი კომპანიის მფლობელ როინ გიგიაძეს განმარტებისთვის დაუკავშირდა.
„მანდ შენდება კორპუსი [„ცენტრ პოინტის“] დაზარალებულთათვის. ბეტონი ობიექტზე რომ მიგვაქვს, ისეთი ფაქტორები არსებობს, როგორიცაა მანძილი — ასეთ დროს ხარჯი ძვირდება. ეს ქარხანა ადგილზე იქნება და, შესაბამისად, იქნება შეღავათიანი, მოვიგებთ დროში და უფრო იაფიც დაჯდება. ისედაც ყველაფერი გაძვირებულია“, — უთხრა ნეტგაზეთს როინ გიგიაძემ.
როინ გიგიაძე გვიყვება, რომ სპეციალისტებს მიაწოდებენ დოკუმენტაციას და „დაიდება დასკვნა იმის მიხედვით. არავინ არ ამბობს, გინდა თუ არა ავამუშაოთო. ის [ქარხანა] არ ამუშავდება მანამ, სანამ მერიის შესაბამისი სამსახურის და ყველა სხვა დანარჩენი უწყებიდან თანხმობა არ იქნება“.
„მოწყობილობები ახლა დევს. ეს კონსტრუქცია არ შეასრულებს ბეტონის წარმოების ფუნქციას, სანამ ეს კონტრაქტორი, ყველანაირ დოკუმენტაციას არ მიაწვდის [მერიას] და პარალელურად, დასკვნა არ მოვა გარემოს დაცვის სამინისტროდან. თუ მოვიდა უარყოფითი პასუხი, ისე აიღებს და წაიღებს“, — ამბობს ბიზნესმენი, რომელსაც საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს ბეტონის ქარხნის აშენება სურს.
რაც შეეხება გამგეობას, ნეტგაზეთს საბურთალოს გამგეობაში (რომელსაც ეკუთვნის დიდი დიღომი) უთხრეს, რომ გამგებელს გიზო ვასაძეს ადგილობრივებთან „კომუნიკაცია აქვს“. სხვა დეტალებზე გამგეობამ მერიაში გადაგვამისამართა.
თავად მერია აცხადებს, რომ ბეტონსაზელი დანადგარი კომპანიამ საკუთარ ტერიტორიაზე განათავსა. თუმცა,მის ასამოქმედებლად მას სჭირდება ნებართვები.
„უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია და ამის შემდეგ ექნება ამუშავების უფლება. ნებართვისთვის საჭიროა, რომ გარემოსდაცვაში წარადგინოს დოკუმენტები და დაიდოს დასკვნა, რასაც წარადგენს მერიაში“, — განგვიცხადეს მერიაში.
დიდი დიღომში მცოხვრები მოსახლეობა, რომელთა სახლების სიახლოვეს ბეტონის ქარხნის აშენებას აპირებენ, დანებებას არ გეგმავენ და ამბობენ, რომ ბოლომდე გაუწევენ წინააღმდეგობას აღნიშნული ქარხნის ამოქმედებას.
