პრორუსი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ვლადიმემრ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვს, მარიუპოლის მცველებსა და იქ მცხოვრებ მოქალაქეებში გაცვალონ. მარიუპოლი რუს ჯარისკაცებს ალყაში აქვთ მოქცეული.
„მე, ვიქტორ მედვედჩუკმა ვლადიმერის ძემ, მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის: გთხოვთ, გამცვალოთ მარიუპოლის მცველებსა და მცხოვრებლებში, რომლებიც დღესდღეობით იქ იმყოფებიან და არ შეუძლიათ უსაფრთხოდ დატოვონ ტერიტორია ჰუმანიტარული კორიდორით“, – ამბობს მედვედჩუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
მედვედჩუკი, რომელიც პუტინის ნათლიმამაა, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და პრორუსული პარტიის – „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ – ლიდერი იყო. მას 2021 წლიდან შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული. იგი ბრალდებულია სახელმწიფო ღალატსა და ეროვნული რესურსების ძარცვის მცდელობაში, ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში დახმარებაში.
უკრაინის პროკურატურის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან მიიმალა. მალევე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი დააკავეს.
ვრცლად მედვედჩუკზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია:
მარიუპოლი დღეს მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფას განიცდის. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები და წყალი. მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. აქ დაღუპულებს საერთო საფლავებში მარხავენ, ან ხშირად ამასაც ვერ ახერხებენ.
ქალაქ მარიუპოლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც უკრაინელებმა რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქები გაათავისუფლეს. კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩაზე უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. ქალაქში შესულ ჟურნალისტებს და სამხედროებს ქუჩებში ასობით მოკლული ადამიანის ცხედარი დახვდათ. მათ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული.
მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში.
გარდა მსხვერპლისა, უკრაინული მხარე საუბრობს ასევე მოქალაქეთა წამებისა და გაუპატიურების შემთხვევებზე – მათ შორის, არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.
