საზოგადოება

რუსეთმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა

18 აპრილი, 2022 • 1066
რუსეთმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსულმა ძალებმა ლვოვში 5 ჭურვი ისროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ლვოვის მერი ანრი სადოვოი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხეილ პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის ჯარებმა იერიში მიიტანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ლვოვში.

ლვოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი, 8 კი დაშავდა.

The Insider-ის ინფორმაციით, დღეს დილას რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის რეგიონზეც. რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ რუსეთის ნასროლი რაკეტების 60%-ის ჩამოგდება შეძლო.

ლვოვი მანამდეც, 16 აპრილსაც დაიბომბა. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი მაშინ ამბობდა, რომ თვითმფრინავები, რომლებმაც შეტევა განახორციელეს, ბელარუსის ბარანოვიჩის აეროდრომიდან აფრინდნენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. თითქმის ორი თვეა, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ჩერნიჰივის და კიევის რეგიონი დატოვეს, უკრაინული მხარე რუსეთის ჯარების გადაჯგუფებას და გაძლიერებულ შეტევად დონბასის რეგიონის მიმართულებით ელოდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი