კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თანახმად, დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში აფეთქებები მოხდა, ლვოვის გუბერნატორი კი საჰაერო თავდასხმის შესახებ იუწყება. აღნიშნული ცნობები ოფიციალურმა პირებმა 16 აპრილის დილას გაავრცელეს.
ვიტალი კლიჩკოს თანახმად, აფეთქებები კიევის გარეუბანში, დარნიცკის რაიონში მოხდა, ადგილზე კი ექიმები და მაშველები მუშაობდნენ.
“მეგობრებო, დილით კიევს ცეცხლი გაუხსნეს… დაზარალებულთა შესახებ მონაცემები ზუსტდება. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას: გთხოვთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ საჰაერო განგაში!” — წერს კლიჩკო.
ცნობების თანახმად, აფეთქებების ხმა ასევე გაისმა უკრაინის დასავლეთში მდებარე ლვოვში. ლვოვის გუბერნატორის, მაქსიმ კოზიცკის თანახმად, 16 აპრილის დილას ოლქზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, თუმცა, მისივე ცნობით, უკრაინის ძალებმა შეძლეს რუსული Su-35-ების მიერ გასროლილი 4 რაკეტის განადგურება.
მანამდე, მოსკოვმა კიევი დაადანაშაულა რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიების დაბომბვაში და დაიმუქრა, რომ კვლავ გაააქტიურებდა შეტევას უკრაინის დედაქალაქზე. უკრაინაში უარყოფენ პუტინის ხელისუფლების ამ ბრალდებას.
კიევის თანახმად, გასულ ღამეს რუსეთის ძალების მიერ უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმებს, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას მერე ბომბავს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასაც. მიწასთანაა გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 200-მდე ბავშვი.