საზოგადოება

დაუნის სინდრომის მქონე ბიჭს, რომელსაც მშობლები კოვიდით დაეღუპა, ფულს უგროვებენ

14 აპრილი, 2022 • 1094
დაუნის სინდრომის მქონე ბიჭს, რომელსაც მშობლები კოვიდით დაეღუპა, ფულს უგროვებენ

25 წლის ივანე მაღლაკელიძეს, რომელსაც მშობლები კორონავირუსით დაეღუპა, ფულს უგროვებენ. ივიკოს დაუნის სინდრომი აქვს და სოციალურ საწარმო „ბაბალეში“ იყო დასაქმებული, თუმცა ამ ეტაპზე მუშაობას  ვერ ახერხებს, რადგანაც ჯერ კიდევ გადის პოსტკოვიდურ მკურნალობას:

„ივიკოს ძალიან მძიმე კოვიდისტორია აქვს, ის და მისი მშობლები დაინფიცირდნენ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ივიკომ იბრძოლა და დაუძვრა ვერაგ ვირუსს, რაც, სამწუხაროდ, მისმა მშობლებმა ვერ შეძლეს.

ივიკოს ჯერ მამა, ხოლო შემდეგ დედა გარდაეცვალა. ის ახლა თავის დასთან ერთად ცხოვრობს და ჯერ კიდევ გადის პოსტკოვიდურ მკურნალობას. ივიკოს და, მათი ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, სამსახურში დაბრუნებას ვერ ახერხებს“, – ნათქვამია საწარმოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალურმა საწარმომ გადაწყვიტა, ყოველგვარი წესების დაცვით ივიკო სამსახურში აღადგინოს, მას ემსახურება „ბაბალეს” მიერ დაქირავებული ავტომობილი, რომლის საშუალებით სახლიდან სამსახურში მოდის და შემდგომ უკან ბრუნდება. კვირაში 3 დღის განმავლობაში: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 12:00-დან 16:00 საათამდე ივიკო ბაბალეში მუშაობს.

„გიგოს ფონდის შემოწირულობების დახმარებით კი მის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ და პოსტკოვიდური პერიოდისთვის საჭირო მედიკამენტებით ვამარაგებთ. გარდა ამისა, ფონდი უზრუნველყოფს მას მედიკამენტებით, ფარავს კონსულტაციების და სადიაგნოსტიკო კვლევების ხარჯებს, ქირაობს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჟანგბადის აპარატს, რომელიც ივიკოს ღამით ჯერ კიდევ სჭირდება“, — აცხადებს „ბაბალე“.

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, სოციალური საწარმო „ბაბალე“ და „გიგოს ფონდი“ განაგრძობს ივიკოს მუდმივ მხარდაჭერას. „ბაბალე“ პარტნიორ ორგანიზაციებსა და გულშემატკივრებს მიმართავს თხოვნით, თუ მხარდაჭერის სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა „გიგოს ფონდში“.

  • მიმღები: ააიპ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის „გიგოს ფონდი“.
  • დანიშნულება: ივიკოსთვის
  • ანგარიშის ნომერი: GE71BG0000000103082111GEL

პერსონალური დახმარებისა და მხარდაჭერის სურვილის შემთხვევაში დარეკეთ ან მისწერეთ – ნომერზე: 555 105 405

თუ უბრალოდ ივიკოსთან მეგობრობა და მისი გამხნევება გსურთ, ზემოთ ნახსენებ სამუშაო საათებში ესტუმრეთ „ბაბალეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი