საზოგადოება

მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა ქნას – სტეფანჩუკი პაპუაშვილს პასუხობს

11 აპრილი, 2022 • 4165
მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა ქნას – სტეფანჩუკი პაპუაშვილს პასუხობს

უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი პასუხობს შალვა პაპუაშვილს, რომელმაც ბუჩაში მიწვევას „არასათანადო“ უწოდა, იქ ჩასვლაზე უარი განაცხადა და სტეფანჩუკს უსაყვედურა.

პაპუაშვილმა 8 აპრილს განაცხადა, რომ ისურვებდა, „უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს“.

„კოლეგავ, უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც უკრაინა სხვა ქვეყნებისგან იღებს ამ რთულ დროს. ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ უფრო მკაცრ სანქციებს, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. არის ქვეყნები, რომლებიც ყველა სფეროში გვეხმარებიან. არის ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ცალკეულ საკითხებში გვეხმარებიან“, – წერს სტეფანჩუკი 10 აპრილს გავრცელებულ საპასუხო საჯარო წერილში ფეისბუკზე.

„ჩვენ ვაფასებთ და ყოველთვის ვაფასებდით მოძმე ქართველი ხალხის გულწრფელ მხარდაჭერას. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელი, მამაცი და მამაცი მეომრები არიან, რომელთაგან ბევრი დღეს გვერდში დგას ჩვენს დამცველებთან და იცავს უკრაინას რუსული შემოჭრისგან. ისევე, როგორც ბევრი უკრაინელი დაუდგა საქართველოს გვერდით 2008 წელს“, – წერს სტეფანჩუკი.

მისი განცხადებით, „მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს“.

„არის თუ არა სათანადო, „არასათანადო“ უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩასვლას, დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები“? – კითხულობს რადის სპიკერი და აცხადებს:

„მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა გააკეთოს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი აზრით, დიდი შოთა რუსთაველის სიტყვებით რომ ვთქვა:

ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,

გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 8 აპრილს ოფიციალური განცხადებით უპასუხა უკრაინელი კოლეგის მიწვევას ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით.

ბუჩა არის რუსული არმიისგან დახსნილი უკრაინული ქალაქი, სადაც რუსი სამხედროების მიერ ასეულობით დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ რადის თავმჯდომარისგან ნამდვილად მიიღო მიწვევა ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა საპასუხო განცხადებაში არ ამბობს, რომ უკრაინაში ჩასვლას აპირებს.

პირიქით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ხელისუფლებას საყვედურობს ბოლოდროინდელ ბრალდებებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამის ფონზე „ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“.

უკრაინის რადის სპიკერმა საქართველოსა და სხვა საკანონმდებლო ორგანოების ლიდერები ოფიციალურად მიიწვია ბუჩაში, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი