საზოგადოება

ლიეტუვის სეიმის კომიტეტი ქართულ მხარეს სააკაშვილის ევროპაში გადაყვანისაკენ მოუწოდებს

8 აპრილი, 2022 •
ლიეტუვის სეიმის კომიტეტი ქართულ მხარეს სააკაშვილის ევროპაში გადაყვანისაკენ მოუწოდებს

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 6 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვლი მკურნალობის მიზნით “ევროპულ სახელმწიფოს” გადადცენ.

“საგარეო კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის (რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს) ევროპული სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუყოვნებლივი მკურნალობის დაწყებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორების აზრით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებასა და რუსეთისა და მისი სატელიტების შიდა და საგარეო საქმეებში ჩარევის აღმოფხვრას.


ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვილნიუსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი ხალხისა და ხელისუფლების არჩევანს, რომ ქვეყანა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ლიეტუვური მხარე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც დაეხმარება ბელარუსსა და რუსეთს დაწესებული სანქციების თავიდან არიდებაში.

განცხადებაში დაგმობილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების ჩატარებაც. ასევე, დეპუტატები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.

განცხადებაში წერია, რომ სეიმი „გმობს ამჟამინდელ ურთიერთობებს უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის, ისევე როგორც ქართველი პოლიტიკოსებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ზოგიერთ განცხადებას, რომელიც ძირს უთხრის უკრაინულ ხელისუფლებასა და მათ გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებებისა და ღირებულებებისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი