საზოგადოება

სამხედროების მნიშვნელოვანი დანაკარგები გვაქვს და ეს დიდი ტრაგედიაა – პესკოვი

7 აპრილი, 2022 • 5755
სამხედროების მნიშვნელოვანი დანაკარგები გვაქვს და ეს დიდი ტრაგედიაა – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა Sky News-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ რუსეთს “სამხედროების მნიშვნელოვანი დანაკარგები” აქვს, რაც “დიდი ტრაგედიაა”.

ჟურნალისტმა პესკოვს ჰკითხა, არის თუ არა უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი “დამამცირებელი”, რუსეთის მიერ კიევიდან უკან დახევისა და ათასობით სამხედროს დაკარგვის ფონზე.

საპასუხოდ პესკოვმა თქვა, რომ ადგილი აქვს “არასწორ გაგებას” იმისა, რაც ხდება, თუმცა კითხვას, დაკარგა თუ არა რუსეთმა ათასობით სამხედრო, კრემლის პრესსპიკერმა ასე უპასუხა:

“დიახ, ჩვენ გვაქვს სამხედროების მნიშვნელოვანი დანაკარგები და ეს დიდი ტრაგედიაა”.

ამასთან, პესკოვის სიტყვებით, კიევის რეგიონიდან და ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჩერნიგოვიდან გასვლა იყო “კეთილგანწყობის აქტი” სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს “დაძაბულობის მოხსნის მიზნით”.

რუსეთს ნათქვამი აქვს, რომ უკრაინაში 1 351 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. 23 მარტს დასავლურმა მედიამ ნატო-ს მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მხარეს 7 000-დან 15 000-მდე სამხედროა დაღუპული.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

უკრაინის თანახმად, მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალები კიევის რეგიონიდან გავიდნენ, კიევის მიმდებარე ქალაქებში ასობით ცხედარი იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მხოლოდ ქალაქ ბუჩაში რუსმა სამხედროებმა 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და აწამეს. მოსკოვში აღნიშნულს უარყოფენ და ამბობენ, რომ ქალაქის ქუჩებში ცხედრები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის რუსმა სამხედროებმა დატოვეს.

რუსეთის ამ მტკიცებას აბათილებს NY Times-ის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ცხედრები ქუჩებში მარტის შუა რიცხვებშიც ფიქსირდებოდა, ანუ იმ დროს, როცა ქალაქს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი