საზოგადოება

რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს

7 აპრილი, 2022 • 2822
რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. კენჭისყრა 7 აპრილს გაიმართა.

აშშ-ის მიერ წაროყენებულ ამ ინიციატივას 93 ქვეყანა(მათ შორის, საქართველო) მიემხრო, 24 წინააღმდეგ წავიდა, 58-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

შეერთებულმა შტატებმა ხსენებულ ორგანოში რუსეთის წევრობის შეჩერება მიმდინარე კვირაში მოითხოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ძალებმა ქალაქ ბუჩაში ასობით ადამიანი მოკლეს და აწამეს.

Reuters-ის თანახმად, კენჭისყრამდე მოსკოვმა გაეროს წევრი სახელმწიფოები გააფრთხილა, რომ “არამეგობრულ ჟესტად” შეაფასებდა როგორც ხსენებული ინიციატივის მხარდაჭერას, ისე ხმის მიცემისაგან თავის შეკავებას.

Foreign Policy-ს თანახმად, რომელმაც ასევე ნახა ხსენებული ტექსტი, რუსეთმა წერილი აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ქვეყნებს გაუგზავნა. გამოცემა წერს, რომ “როგორც ჩანს, [ნოტა] მიმართულია უფრო პატარა, განვითარებად ქვეყნებზე, რომლებიც ცდილობენ, თავიდან აიცილონ ჩართვა დიდი ძალების ბრძოლაში უკრაინის გამო”.

“რუსეთის უხეში და ღია მუქარა იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც ხმას აძლევენ მისი [წევრობის]შეჩერებას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, მხოლოდ დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთს სასწრაფოდ უნდა შეუჩერდეს [წევრობა] გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში“, — დასძინა კენჭისყრამდე ოლივია დალტონმა, გაეროში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა.

რუსეთის მისიამ გაეროში უარი თქვა წერილის კომენტირებაზე, ვინაიდან ის საჯარო არ არის.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის ძალებმა ბუჩაში 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და აწამეს. მოსკოვში აღნიშნულს უარყოფენ და ამბობენ, რომ ქალაქის ქუჩებში ცხედრები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის რუსმა სამხედროებმა დატოვეს.

რუსეთის ამ მტკიცებას აბათილებს NY Times-ის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ცხედრები ქუჩებში მარტის შუა რიცხვებშიც ფიქსირდებოდა, ანუ იმ დროს, როცა ქალაქს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი