საზოგადოება

სულ მცირე, 161 ბავშვი ემსხვერპლა რუსეთის აგრესიას უკრაინაში

4 აპრილი, 2022 • 1232
სულ მცირე, 161 ბავშვი ემსხვერპლა რუსეთის აგრესიას უკრაინაში

რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, სულ მცირე, 161 ბავშვი ემსხვერპლა, 400-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს.

გარდა ამისა, რუსეთის წამოწყებული ომის შედეგად დანგრეული, ან სრულად არის განადგურებული 800-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება.

გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და რუსული ჯარი იკავებს გარკვეულ ტერიტორიას, ნგრევისა და მსხვერპლის მასშტაბების სრულად აღწერა ამ დროისთვის შეუძლებელია.

მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ უკრაინის დედაქალაქ კიევის აღება ვერ შეძლო, ჯარი მთლიანად გაიყვანა კიევის ოლქიდან. აღნიშნულ ტერიტორიაზე შესულმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 3 აპრილს შემზარავი ცნობები გაავრცელეს კიევის ოლქში, ქალაქ ბუჩაში ჩადენილ დანაშაულზე — აქ ქუჩებში, სარდაფებსა და საკანალიზაციო ჭებში იპოვეს ათეულობით ადამიანის გვამი, რომელთა ნაწილს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული დ,ა სავარაუდოდ, ახლოდან გასროლით არის მოკლული.

უკრაინა ამბობს, რომ ეს არის ომის დანაშაული, რის გამოც კონკრეტული სამხედრო პირები აუცილებლად აგებენ პასუხს.

რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, თავის მხრივ, ამბობენ, რომ ფოტო-ვიდეომასალა, რომელიც ბუჩაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას აღწერს, დადგმულია, ან თავად უკრაინის არმიის ჩადენილია.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ამ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა რაოდენობა საბოლოოდ ჯერ დადგენილი არც არის.

კიევის ოლქში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის ამსახველი ფოტოების ნახვა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე. ფოტოებზე აღბეჭდილია მძიმე კადრები და მისმა ნახვამ შესაძლოა, გამოიწვიოს მძიმე ემოციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი