საზოგადოება

უკრაინამ კიევის ოლქი მთლიანად დაიბრუნა — თავდაცვის მინიტრის მოადგილე

2 აპრილი, 2022 • 9090
უკრაინამ კიევის ოლქი მთლიანად დაიბრუნა — თავდაცვის მინიტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანახმად, ქვეყნის ძალებმა კიევის ოლქი სრულად დაიბრუნეს. ანა მალიარი შაბათს, 2 აპრილს, “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ პოსტში წერს:

“ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და კიევის მთელი ოლქი გათავისუფლდა დამპყრობლისგან”.

უკანასკნელ დღეებში უკრაინის ძალები დედაქალაქის გარშემო ტერიტორიებს იბრუნებენ, იქიდან რუსეთის ძალების გასვლის ფონზე.

კიევის ოლქში უკრაინის ჯარების წარმატებაზე 2 აპრილს პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმაც ისაუბრა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში.

მისი თქმით, უკრაინის ჯარებმა კიევის რეგიონში 30-ზე მეტი ქალაქი და დასახლება დაუბრუნეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, უფრო ინტენსიური ბრძოლებია მოსალოდნელი ქვეყნის სხვა რაიონებში.

“მოდით, ნუ გვექნება ილუზიები – ჯერ კიდევ მძიმე ბრძოლები გველის სამხრეთისთვის, მარიუპოლისთვის, უკრაინის აღმოსავლეთისთვის”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

გასულ კვირას რუსეთმა თქვა, რომ უკრაინაში მისი სამხედრო კამპანიის “პირველი ეტაპი” თითქმის დასრულებულია და ახლა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონის “გათავისუფლებაზე” ფოკუსირდება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი