საზოგადოება

ენერჰოდარში ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა — დენისოვა

2 აპრილი, 2022 • 1117
ენერჰოდარში ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა — დენისოვა

უკრაინის ქალაქ ენერჰოდარში რუსი სამხედროების მიერ ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

სამხრეთ უკრაინის პატარა ქალაქში, სადაც ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, მოქალაქეებმა ოკუპაციის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 2 აპრილს გამართეს.

უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა უკრაინის ჰიმნი იმღერეს და ერთმანეთთან საუბრობდნენ, ხოლო მაშინ, როცა უკვე იშლებოდნენ, ადგილზე პოლიციის ფურგონები გამოჩნდა და დაკავებები დაიწყო.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც დარბევის მომენტს ასახავს, სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ლუდმილა დენისოვას თანახმად, რუსეთის ძალებმა მანათობელი, ასევე, ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს და მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.

მისივე ცნობით, დაშავებულთაგან ზოგიერთმა მძიმე დამწვრობა მიიღო. ამასთან, სახალხო დამცველი წერს, რომ ზოგიერთი ადამიანი ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანებში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ქალაქი ენერჰოდარი რუსეთის ძალებს მარტის დასაწყისიდან აქვთ ოკუპირებული. მას შემდეგ იქ არაერთი აქცია გაიმართა ოკუპაციის წინააღმდეგ. მსგავსი დემონსტრაციები უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზეც მრავალგზის იმართება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი