საზოგადოება

ფოტოების მიხედვით, რუსეთის ძალებმა დატოვეს ჰოსტომელის აეროპორტი — CNN

2 აპრილი, 2022 • 1482
ფოტოების მიხედვით, რუსეთის ძალებმა დატოვეს ჰოსტომელის აეროპორტი  — CNN

სატელიტური ფოტოების მიხედვით, რუსეთის ძალებმა დატოვეს ქალაქ ჰოსტომელში მდებარე ანტონოვის აეროპორტი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირველივე დღიდან იყო ბრძოლის ობიექტი. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მასალის თანახმად, კომპანია Maxar Technologies-ის მიერ გადაღებული ფოტოები ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ მანამდე ტელეარხისთვის მიწოდებულ ცნობას.

აღნიშნულზე საუბრობს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროც. სამხედრო დაზვერვის მიერ შაბათს გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, რომ:

“გავრცელებული ცნობით, რუსული ძალები გავიდნენ ჰოსტომელის აეროპორტიდან, რომელიც კონფლიქტის პირველი დღიდან იყო ბრძოლის ობიექტი”.

ცარიელი პოზიციები ჰოსტომელის აეროპორტის ტერიტორიაზე. ფოტო: Maxar Technologies/Reuters

პატარა, თუმცა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ჰოსტომელს კიევიდან 29 კმ აშორებს. ანტონოვის აეროპორტის დაკავება რუსეთის ძალების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო ომის პირველ დღეს, 24 თებერვალს.

თუმცა, აღნიშნულის შემდეგ ისინი უკრაინის ძალების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ, რამაც გაურთულათ წინსვლა კიევის მიმართულებით. ამასთან, ინტენსიური ბრძოლები იყო ჰოსტომელის სამხრეთით, ირპინსა და ბუჩაში.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი