საზოგადოება

ძველი იდეის ახალი სიცოცხლე — სჭირდება რუსეთს ცხინვალის ანექსია?

31 მარტი, 2022 • 4821
ძველი იდეის ახალი სიცოცხლე — სჭირდება რუსეთს ცხინვალის ანექსია?

ცხინვალში კვლავ საუბრობენ „ორი ოსეთის” რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების ძველ იდეაზე. თუმცა გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება არა დაანონსებული რეფერენდუმის შედეგებზე, არამედ კრემლზე, რომელსაც ამ დრომდე არ გამოუხატავს საქართველოს დე ფაქტო კონტროლირებადი ტერიტორიების დე იურე მიერთების ნება, იყენებდა რა მათ სტატუსს თბილისზე ზეწოლის ბერკეტად. “ნეტგაზეთმა” ანალიტიკოსებს ჰკითხა, უკრაინის ომით შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, რუსეთის პოლიტიკა ოკუპაციიდან ანექსიის სასარგებლოდ შეიცვალა თუ საქმე გვაქვს შიდა მოხმარების დისკუსიასთან სამხრეთ ოსეთში 10 აპრილს დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

“მინიგამარჯვება” თუ თბილისზე შანტაჟის ბერკეტის დაკარგვა

„ანატოლი ბიბილოვმა ორჯერ მოიგო არჩევნები რუსეთთან მიერთების სლოგანით, მაგრამ ვერანაირი შედეგი ფორმალურად მიერთებისა ვერ დადო. უკრაინის ამბებმა გარკვეულწილად გააცოცხლა და საერთაშორისო განზომილება შესძინა ცხინვალის რეგიონის ლოკალურ ამბავს“, — ამბობს კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, ქვეყნის „დენაციფიკაციის” და „დემილიტარიზაციის” სწრაფი გეგმით, თუმცა ფართომასშტაბიანი ომი მეორე თვეა მიმდინარეობს, მაგრამ მოსკოვმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია. საბოლოო წარუმატებლობის შემთხვევაში და მის გადასაფარად რუსეთს ალტერნატიული პატარა „გამარჯვებები” დასჭირდება, თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ცხინვალის რეგიონის მიერთება ასეთად ვერ გამოდგება.

„თუ რუსეთი ვერ  მიაღწევს წარმატებას უკრაინაში, ცხინვალი კი არა, მთლიანად საქართველო ვერ იქნება მაგის საპირწონე. დე ფაქტო ცხინვალის რეგიონი ისედაც რუსეთისაა. ყველა ხვდება, რომ დე იურე მიერთება ახალი თავისტკივილი და ფინანსური მახე იქნება, ამიტომ ამის წარმატებად გაყიდვის შესაძლებლობას ვერ ვხედავ”, — ამბობს კანაშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკა აკობიას თქმით, თუ რუსეთი ჩათვლის, რომ ცხინვალის რეგიონის მიერთება უკრაინის წარუმატებლობის საპირწონე იქნება, ამ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამს, უბრალოდ ძნელი წარმოსადგენია, რომ ასე ჩაითვალოს.

ეკა აკობია, ფოტო: აკობიას ფეისბუკის გვერდი

„ზუსტი შეფასება იმისა, რას გააკეთებს რუსეთი, ძნელია, მაგრამ მინიმუმ სცენარებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე ერთ-ერთი სცენარი შეიძლება ჰქონდეს, რომ საქართველოში გაამწვავოს ურთიერთობა და სწრაფი გამარჯვება მოიპოვოს ამ მიმართულებით, ხოლო კონკრეტულად ის სცენარი, რომ ცხინვალის რეგიონი მიიღოს თავის რიგებში, ყველაზე ნაკლებსავარაუდოა ამ ეტაპზე. რეალურად, რუსეთს აწყობს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკა. ხშირად ვისმენთ მათი მხრიდან შექების და მოწონების გზავნილებს და იცის, რომ ასეთი ნაბიჯით საგრძნობლად დაძაბავს შიდაპოლიტიკურ მდგომარეობას ქვეყანაში და საფრთხეს შეუქმნის აქ რეჟიმის სტაბილურობას”. დიდი ალბათობით, ამ ნაბიჯზე არ წავა“, — ამბობს აკობია.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საფრთხე საქართველოს თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილია და კრემლს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად სჭირდება. ამავდროულად, მოსკოვისთვის მისაღებია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციონირება, მათ შორის- უკრაინის საკითხზე, და ამის “დაუფასებლობა” ტერიტორიების ანექსიით ლოგიკას მოკლებულია. თუმცა იმასაც უსვამენ ხაზს, რომ კრემლის პოლიტიკა, განსაკუთრებით ბოლო მაგალითებით, ყოველთვის რაციონალურობით არ გამოირჩევა.

„რაც ნამდვილად ვიცით, რომ რუსეთს აწყობს, ეს არის მუდმივად არასტაბილურობის კერების ქონა საკუთარ მეზობლებში, რათა მუდმივად წნეხის ქვეშ ჰყავდეს ეს სახელმწიფოები და მინიმუმ ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ რუსეთის საწინააღმდეგოდ რამე ნაბიჯს გადადგამენ. როგორც ვხედავთ, საქართველოს მაგალითზე ეს წნეხი მუშაობს. დღეს საქართველო მაქსიმალურად მისდევს ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკას და დაბალანსების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით. მეორე საკითხია, რამდენად შეიძლება აწყობდეს რუსეთს ამ ვითარებაში ცხინვალის იურიდიულად მიღება ფედერაციულ სუბიექტად? უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე ცხინვალის მიერთება პირიქით დაადასტურებს რუსეთის იმპერიულ მოტივებს და კიდევ უფრო შელახავს მის იმიჯს, შიდა აუდიტორიისთვის კიდევ ვერაფერი საპირწონე ვერ არის იმ დაპირებისა, რაც სამხედრო ოპერაციამდე მისცა უკრაინის დენაციფიკაციის და დემილიტარიზაციის სახით”, — ამბობს აკობია.

მისი თქმით, ბიბილოვის მდგომარეობა გასაგებია და თვითონ სამაჩაბლოში მცხოვრები მოქალაქეებიც ამბობენ, რომ რუსეთთან გაერთიანების დაპირება მისგან მორიგი წინასაარჩევნო ფანდია, რადგან სხვას ვერაფერს ჰპირდება მოსახლეობას.

რუსეთი კი, ეკა აკობიას აზრით, გააგრძელებს თავის მეზობლებზე წნეხის და მაქსიმალური კონტროლის შენარჩუნების პოლიტიკას.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებით გააქტიუროს პროვოკაციები მოლდოვაშიც, მთიან ყარაბაღშიც და ყველა შესაძლო წერტილში, სადაც დროის ბომბები აქვს ჩაწყობილი”, – ამბობს იგი.

დღეის მდგომარეობით, რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის მიერთების დამატებით მოტივაციას ვერ ხედავს გიორგი კანაშვილიც.

„ჯერ ერთი, რომ საქართველოსთან მიმართებაში ცხინვალის ფასი არ დაცემულა. ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთი ყოველთვის იყენებდა ტერიტორიული მთლიანობის საკითხს საქართველოზე ზეწოლის თვალსაზრისით. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს არ აუღია ხელი, საქართველო მოაქციოს თავისი გავლენის ქვეშ, რატომ უნდა გადადგას ნაბიჯი ანექსიისკენ, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. არაფერს აძლევს ეს შიდა აუდიტორიისთვისაც მაშინ, როდესაც საუბარი იყო უკრაინის დენაციფიკაციაზე და დემილიტარიზაციაზე“, — განაცხადა კანაშვილმა.

მეორე საკითხი, რაც კონფლიქტოლოგის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, არის საქართველოს ხელისუფლების საკმაოდ მოზომილი პოზიციები უკრაინის მიმართ.

„ცოტა ხსნის წინ კარასინმაც თქვა, რომ ამჩნევენ და აფასებენ თბილისის პოზიციებს. გარკვეულ პერიოდებს თუ არ ჩავთვლით, საქართველოში დღეს ყველაზე ლოიალური ხელისუფლებაა რუსეთთან მიმართებაში. ამიტომ ლოგიკაში არ ეწერება რუსეთის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა. იმდენ მცდარ და ალოგიკურ გადაწყვეტილებებს ვხედავთ განსაკუთრებით ბოლო ხანებია, რომ არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ მთლიანობაში თუ რაიმე რაციონალურ განსჯას ექვემდებარება ეს ნაბიჯები, მაშინ რუსეთში მიერ ცხინვალის რეგიონის მიერთებას არ უნდა ველოდოთ”, – ამბობს კანაშვილი.

გიორგი კანაშვილი

წინაისტორია

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციაში „გაერთიანება“ სტრატეგიულ მიზნად აქვს გამოცხადებული.

1992 წლის 19 იანვარს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებული „რეფერენდუმზე”, რომელშიც მხოლოდ ოსებმა მიიღეს მონაწილეობა, ერთდროულად მხარი დაუჭირეს როგორც დამოუკიდებლობას, ისე რუსეთთან გაერთიანების იდეას.

2017 წლის რეფერენდუმზე კი ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა სახელის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა — სახელმწიფო ალანიად“ შეცვლას.

10 აპრილს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ დაჰპირდა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას და ამ მიმართულებით იურიდიული ნაბიჯების უახლოეს პერიოდში გადადგმა დააანონსა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ტადტაევმა კი თქვა, რომ ამჟამად მუშავდება საკითხი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.

„სამხრეთ ოსეთის გაერთიანება ჩრდილოეთ ოსეთთან რუსეთის ფედერაციაში — ეს ოსების ეროვნული ოცნებაა და აფხაზეთი მხარს უჭერს მოძმე რესპუბლიკის მცხოვრებლების ასეთ მისწრაფებას“, — განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ, თუმცა დასძინა, რომ სოხუმში მსგავს პერსპექტივას არცერთი პოლიტიკური ძალა ან საზოგადოებრივ მოძრაობა არ განიხილავს. აფხაზეთში დამოუკიდებლობა ურჩევნიათ რუსეთთან მიერთებას.

საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღიარა, თუმცა, მიუხედავად ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განხორციელებისა, მათი ფორმალურად მიერთების ნება ამ დრომდე არ გამოუხატავს.

„ჩვენ ამ [სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების და რეფერენდუმის] კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა ქმედება არ განგვიხორციელებია, მაგრამ, ამავე დროს, საუბარია სამხრეთ ოსეთის ხალხის აზრის გამოხატვაზე და ჩვენ მას პატივისცემით ვეპყრობით“, — განაცხადა კრემლმა დაანონსებული რეფერენდუმის საკითხზე.

ამავდროულად, რუსეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს რუსეთის შემადგენლობაში ქვეყნების მიღების პროცედურას სუბიექტების სახით, რისთვისაც საჭიროა, რომ ოსმა ხალხმა საკუთარი სურვილი გამოთქვას რეფერენდუმის სახით. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია “ედინაია რუსეთის” საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კლიმოვმა თქვა. მისი განცხადებით, როცა ყველა იურიდიული ფორმალობა იქნება დაცული, “არ არსებობს არავითარი სამართლებრივი ხასიათის წინააღმდეგობა, რათა ასრულდეს სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა დიდი ხნის სურვილი რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი