საზოგადოება

პირველი აპრილიდან გაზს მხოლოდ რუბლში გავყიდით – პუტინის ულტიმატუმი ევროპას

31 მარტი, 2022 • 1250
პირველი აპრილიდან გაზს მხოლოდ რუბლში გავყიდით – პუტინის ულტიმატუმი ევროპას

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, პირველი აპრილიდან უცხოელმა მყიდველებმა რუსული გაზი რუსეთის ეროვნულ ვალუტაში, რუბლში უნდა შეიძინონ.

მისი განცხადებით, უკვე დადებული კონტრაქტებიც გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ გაზის შემსყიდველები რუბლში გადახდაზე უარს განაცხადებენ.

„რუსული გაზის ყიდვისთვის მათ აუცილებლად უნდა გახსნან რუბლის ანგარიშები რუსულ ბანკებში. ხვალიდან სწორედ ამ ანგარიშებიდან მოხდება შესყიდვები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

„არავინ გვაძლევს რაიმეს უფასოდ და ჩვენც არ ვაპირებთ ქველმოქმედებას, ამგვარად, არსებული კონტრაქტები შეწყდება“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთი ევროპის გაზის მომარაგების დაახლოებით მესამედზე მეტს აკონტროლებს.

გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობების განცხადებით, პუტინი გაზით ვერ დააშანტაჟებს.

დასავლური სახელმწიფოების განცხადებით, არ აპირებენ გაზის რუბლებში შეძენას და გადახდას უკვე არსებული კონტრაქტების საფუძველზე აპირებენ.

რუსეთისთვის რუბლში ბუნებრივი აირის გაყიდვა მნიშვნელოვანია, მათ შორის, იმისთვისაც, რათა რუსულ ვალუტაზე მოთხოვნა ხელოვნურად გაიზარდოს, რაც, კრემლის მოსაზრებით, შეაფერხებს რუბლის გაუფასურებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი