საზოგადოება

პენტაგონი: რუსული ჯარების კიევიდან გამოსვლის მიზეზი გადაჯგუფებაა და არა უკან დახევა

30 მარტი, 2022 • 9274
პენტაგონი: რუსული ჯარების კიევიდან გამოსვლის მიზეზი გადაჯგუფებაა და არა უკან დახევა

პენტაგონის განცხადებით, რუსული ძალების კიევიდან გამოსვლის მიზეზი გადაჯგუფებაა და არა რეალური უკან დახევა.

აშშ-ის განცხადებით, მიუხედავად „მცირერიცხოვანი“ ძალების კიევიდან გამოყვანისა, რუსეთს კვლავ შეუძლია მასიური შეტევა მიიტანოს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის, დედაქალაქ კიევზეც:

„ვფიქრობთ, ეს გადაჯგუფებაა და არა რეალური უკან დახევა და მივიჩნევთ, რომ ყველანი მზად უნდა ვიყოთ დიდი თავდასხმისთვის უკრაინის სხვა ტერიტორიებზე. ეს ასევე არ ნიშნავს, რომ კიევს საფრთხე აღარ ემუქრება“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ დღევანდელ ბრიფინგზე.

მისი თქმით, არადამაჯერებელია რუსეთის განცხადება კიევზე შეტევების შემცირების შესახებ, ისევე, როგორც რაიმე ცნობა საკუთარი ჯარების გახმობასთან დაკავშირებით.

პენტაგონის სპიკერის თქმით, გაყვანილი ჯარების რაოდენობა იმის ნახევარიც არაა, რაც კიევთან იყო მობილიზებული. გარდა ამისა, აშშ აღნიშნავს, რომ რუსეთი დღემდე აგრძელებს კიევზე სარაკეტო იერიშს.

ჯონ კირბის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, თუ სად გეგმავს რუსეთი აღნიშნული დანაყოფების გადასროლას. მისი თქმით, დიდი ალბათობით, ეს კვლავ უკრაინის ტერიტორიაზე მოხდება, თუმცა ზუსტი ლოკაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი