საზოგადოება

უკრაინა სამხრეთში წარმატებულ კონტრშეტევებზე იტყობინება

29 მარტი, 2022 • 2418
უკრაინა სამხრეთში წარმატებულ კონტრშეტევებზე იტყობინება

უკრაინა სამხრეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ახალი კონტრშეტევების შესახებ იტყობინება.

CNN-ის ცნობით, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევად ბრძოლის ველზე განიხილება სამხრეთ უკრაინაში ხერსონის დაპყრობა, რაც ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქის, ოდესის მიმართულებით თავდასხმისთვის პლაცდარმად შეიძლება იყოს გამოყენებული, მაგრამ ბოლო დღეებში რუსეთს უჭირს ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით ფრონტის ხაზის შენარჩუნება; ასევე, უკრაინამ წარმატებული შეტევა მიიტანა რუსეთის მოიერიშე ვერტმფრენებზე ხერსონის აეროპორტთან ახლოს.

უკრაინულმა მხარემ განაცხადა პოტენციურად მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ სამხრეთის სხვა ნაწილებში და თქვა, რომ კრივი რიჰთან (კრივოი როგ – რუს.) ბრძოლებში რუსეთის ძალები დაახლოებით 50 კილომეტრით დახიეს უკან.

”მტერი აღარ არის უბრალოდ შეჩერებული ყველა მიმართულებით, არამედ უკან დაიხია ქალაქის მისადგომებიდან. დღეს კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა ხერსონის რეგიონში. დამპყრობლები იმყოფებიან კრივი რიჰიდან მინიმუმ 40 კილომეტრის, ზოგიერთი მიმართულებით კი 60 კილომეტრის დაშორებითაც“, — განაცხადა კრივი რიჰის მაღალჩინოსანმა ოლექსანდრ ვილკულმა და დასძინა, რომ საკონტაქტო ხაზი არის უკვე არა დნეპროპეტროვსკის, არამედ ხერსონის რეგიონში.

მანამდე უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ რუსული ჯარები იმყოფებოდნენ ქალაქიდან 10 კილომეტრში.

უკრაინელები მცირე მასშტაბის კონტრშეტევებზე არიან გადასული კიევის ოლქშიც.

ამერიკული Critical Threats Project-ის თანახმად, რომელიც უკრაინაში ომის ქრონოლოგიას და ანალიზს აწარმოებს, უკრაინულმა ძალებმა 28 მარტს დაიბრუნეს ირპინი, კიევის ჩრდილო-დასავლეთით. კიევის ირგვლივ მიმდინარე უკრაინული კონტრშეტევები, სავარაუდოდ, შეაფერხებს რუსეთის მცდელობებს, ძალები აღიდგინოს და განაახლოს კიევის ალყაში მოქცევის ძირითადი შეტევითი ოპერაციები. ასევე, უკრაინულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დამატებით მოიგერიეს რუსული თავდასხმები კიევის აღმოსავლეთით, ბროვარის მიმართულებით. რუსული ძალები გაჩერებული არიან ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში და ბოლო 24 საათის განმავლობაში არ ჩაუტარებიათ შეტევითი ოპერაციები ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის წინააღმდეგ. რუსული ძალები აგრძელებენ მარიუპოლში პროგრესის მიღწევას, მაგრამ ვერც დონბასში და ვერც მიკოლაივის მიმართულებით ტერიტორიის დაცვა ვერ მოახერხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი