საზოგადოება

უკრაინელი დრონის ოპერატორები 60 კმ-იანი რუსული კოლონის შეფერხების უკან

28 მარტი, 2022 • 17876
უკრაინელი დრონის ოპერატორები 60 კმ-იანი რუსული კოლონის შეფერხების უკან

უკრაინული ქვედანაყოფი “აეროროზვიდკა” მოხალისე IT სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან შემდგარი ჯგუფია, რომელიც აცხადებს, რომ მონაწილეობა მიიღო კიევისკენ მიმავალი 60-კილომეტრიანი რუსული კოლონის შეჩერებაში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილი იყო რუსული გრძელი სამხედრო კოლონა, რომელიც კიევს ჩრდილოეთიდან უახლოვდებოდა. მოგვიანებით პენტაგონმა განაცხადა, რომ კოლონა “შეფერხდა”, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ის დაიშალა და საოკუპაციო ძალები სხვადასხვა დანაყოფებად გაიფანტნენ ტყეებში იერიშის მისატანად.

რუსული კოლონა კიევისკენ გზად © MAXAR

“გარდიანის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში “აეროროზვიდკა” ამტკიცებს, რომ ამ კოლონის შეფერხებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ მას და მისი წევრების ჩასაფრებებს მიუძღვის. ჯგუფის წევრები რუსულ აგრესიას დრონების და სხვა თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ებრძვიან.

მოხალისეები 8 წლის წინ გაერთიანდნენ და მას შემდეგ ქმნიან საომარ მოწყობილობებს, რომლებსაც თავადაც იყენებენ. ისინი ძირითადად ღამით მოქმედებენ.

ქვედანაყოფის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი იაროსლავ ჰონჩარი “გარდიანთან” ამბობს, რომ “აეროროზვიდკა” რუსულ სამხედრო დანაყოფს ქალაქ ივანკოვის მახლობლად ჩაუსაფრდა. კოლონას, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა, ღამით ტყის გავლით მიუახლოვდა კვადროციკლებით. უკრაინელი სამხედროები აღჭურვილები იყვნენ ღამის ხედვის სათვალეებით, სნაიპერული შაშხანებით, დისტანციურად ფეთქებადი ნაღმებით და თერმული ხედვის კამერიანი [ღამის ხედვისთვის] დრონებითა და საფრენი აპარატებით, რომლებსაც 1.5 კგ-იანი ბომბების ჩამოგდება შეუძლია.

ფოტო: FB/Аеророзвідка

“ამ პატარა დანაყოფმა ღამით გაანადგურა კოლონის თავში ორი ან სამი ტრანსპორტი, რის შემდეგაც კოლონა გაიჭედა. ისინი იქ კიდევ ორი ღამის განმავლობაში დარჩნენ და ბევრი ტრანსპორტი გავანადგურეთ”, – ამბობს ჰონჩარი.

ჰონჩარის თქმით, თავდასხმის შემდეგ რუსებმა კიევისკენ გზის გასაგრძელებლად კოლონა რამდენიმე ნაწილად დაყვეს, თუმცა უკრაინელების ჯგუფი კვლავ დაესხა თავს, ამჯერად- მათ მომარაგების საცავებს, რამაც რუსი სამხედროების წინსვლა შეაფერხა.

“რუსული ძალების პირველი ეშელონი გაიჭედა გათბობის, ზეთის, ბომბებისა და გაზის გარეშე. და ეს ყველაფერი -30 ადამიანის მუშაობის შედეგად”, – უთხრა ჰონჩარმა The Guardian-ს.

დანაყოფი ასევე ირწმუნება, რომ მათ წვლილი მიუძღვით პირველ დღეებში კიევის ჩრდილო-დასავლეთით, ჰოსტომელის აეროპორტზე რუსული საჰაერო სადესანტო თავდასხმის განეიტრალებაში. კერძოდ, “აეროროზვიდკამ” დრონების გამოყენებით დაადგინა, სად იმალებოდა 200 რუსი მედესანტე.

The Guardian-ის ცნობით, ზემოთ ნახსენები ფაქტების დამოუკიდებლად გადამოწმება გამოცემამ ვერ მოახერხა, თუმცა აშშ-ის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ივანკოვთან მყოფი რუსული ჯავშანტექნიკის შეჩერებას უკრაინულმა თავდასხმამ შეუწყო ხელი.

თავად “აეროროზვიდკა” განმარტავს, რომ მათი მიზანია უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებაში დახმარება. კერძოდ, მათი ძირითადი მიმართულებებია: თვალთვალი, სიტუაციური ცნობიერების გაუმჯობესება, ავტომატიზებული კონტროლის განხორციელება, ინოვაციური IT გადაწყვეტილებების შემუშავება, კიბერსივრცეში დავალებების შესრულება და სხვა ტექნიკური მიმართულებების გაუმჯობესება.

“ასოციაცია 2014 წლიდან არსებობს და აერთიანებს უკრაინელ პატრიოტებს, რათა ქვეყანას დაეხმაროს უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაცვაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში რუსი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლაში”, – ნათქვამია “აეროროზვიდკის” ოფიციალურ გვერდზე.

ორგანიზაცია 2020 წლის ივლისში ოფიციალურად დარეგისტრირდა. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო ფულადი შემოწირულებებია.

The Guardian-ის ცნობით, დაარსების დღიდან სხვადასხვა საბრძოლო ტექნიკა შექმნეს, მათ შორის- სათვალთვალო, ასევე, 1.5 მეტრის სიდიდის დრონები, რომლებსაც შეუძლიათ ბომბების და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარების ტრანსპორტირება/ჩამოგდება. ამასთან, ორგანიზაციამ შექმნა სისტემა, სახელწოდებით “დელტა” – ფრონტის ხაზის გასწვრივ სენსორების ქსელი, რომელიც ჩართულია ერთიან ციფრულ რუკაში და სამხედრო მეთაურებს მტრის მოძრაობების დაფიქსირებაში ეხმარება. ორგანიზაცია ამჟამად იყენებს “სტარლინკის” სატელიტურ სისტემას, რომელიც უკრაინის საარტილერიო ქვედანაყოფებს პირდაპირ მონაცემებს აწვდის რუსული სამიზნეების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი